კორონავირუსის გავრცელების გამო, თბილისში მოქმედი 186 ბაღიდან 106 დახურულია. ცალკეული ბაღების 86 ჯგუფი კი იზოლაციაშია გადასული. სულ თბილისის საბავშვო ბაღებში 134 აღსაზრდელისა და 472 თანამშრომლის ინფიცირების ფაქტი დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ jandacva.ge-ს ბაღების მართვის სააგენტოდან მიაწოდეს.
რაც შეეხება სკოლებს, ბოლო სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება.
სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს და მოსწავლეების 0,9%-ს დაუდასტურდა.
ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.
სამინისტრო მოსწავლეთა მშობლებს აძლევს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. გასულ ხუთშაბათს ონლაინ სწავლებაზე გადასვლის შესახებ განაცხადი 40 ათასამდე მშობელმა შეავსო.
ციციშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ კოვიდი ბავშვებში მწვავედ არ მიმდინარეობს და მათთან ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან. ამასთან, კლინიკის წარმომადგენლები მოუწოდებენ მშობლებს, პირველი სიმპტომებისთანავე ჰოსპიტალიზაცია არ მოითხოვონ, დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს და კლინიკას მისი შეფასების საფუძველზე მიმართონ.