ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, თბილისში, ქუთაისში და ბათუმში უნივერსიტეტების ბაზებზე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დიდი ცენტრები მოეწყობა, სადაც მასწავლებლები და სტუდენტები აცრას ურიგოდ შეძლებენ.
„მაქსიმალურად მარტივდება ხელმისაწვდომობა პედაგოგიური პერსონალისთვის ვაქცინაციაზე, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა განათლების სამინისტროს და ასევე აკადემიურ ინსტიტუტებს, რომლებიც თანამშრომლობენ ჩვენთან. მათ გამოგვიყვეს სივრცეები უნივერსიტეტებში, 2 დიდი ვაქცინაციის ცენტრი უკვე მუშაობს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე, სადაც დღეში 3000 – 3500 ადამიანი იცრება. მსგავსი ცენტრები იქნება ასევე თბილისის ორ ლოკაციაზე, ქუთაისში, ბათუმში. ეს იქნება მთავარი ბაზა პედაგოგიური პერსონალის და სტუდენტების აცრისთვის, რომ მათ რეგისტრაციის გარეშე, რიგში ჩადგომის გარეშე, ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მათთვის სასურველ დროს მივიდნენ და აიცრან. ეს დაგვეხმარება ჩვენ, მოვიცვათ სხვა ესენციური ჯგუფებიც“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ, 9 აგვისტოს, „რუსთავი2“-თან საუბარში.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე რთული სათქმელია როგორი რეჟიმით განახლდება სასწავლო პროცესი. მთავარი მიზანი კი ისაა, რომ სექტემბერში სასწავლო დაწესებულებები იყოს უსაფრთხო, თუმცა, მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარკვეული ჯგუფებისთვის ვაქცინაციის სავალდებულოდ გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
„რა თქმა უნდა, ძალიან რთულია დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით პროგნოზირება, თუმცა მოსამზადებელი ერთი პირობა იქნება სრული ვაქცინაცია, რამდენადაც შესაძლებელია ფართო მოცვა, ეს პროცესი ნებაყოფლობითია, პედაგოგიური პერსონალი აქტიურად ერთვება და კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება, ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტების ვაქცინაცია და დანარჩენი დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ გარემოზე ქვეყანაში და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება, ჩვენი მთავარი მიზანია სასკოლო გარემო სექტემბრისთვის იყოს უსაფრთხო“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.