თბილისში, კოვიდ 19-ის შემთხვევების გამოვლენის გამო, 186 ბაღიდან 78 საბავშვო ბაღია დახურული, რაც ბაღების საერთო რაოდენობის 42%-ია. ინფორმაცია jandacva.ge-ს ბაღების მართვის სააგენტოდან მიაწოდეს.
რაც შეეხება სკოლებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დისტანციურ სწავლებას საჯარო სკოლების 2,2% დაუბრუნდა, რაც დაბალი მაჩვენებელია.
მისივე თქმით, სკოლებისა და ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირება ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია და მთავარია, ამ კუთხით არსებული რეგულაციები შესრულდეს.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახლა მთავარია შემთხვევების მერყეობის მართვა, ქვეყანა მეოთხე ტალღიდან არ გამოსულა და აუცილებელია, დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას და სოციალურ დისტანციას, ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება.