კლინიკებისთვის სხვადასხვა სერვისზე ახალი ტარიფების დაწესების გეგმა სახელმწიფოს უახლოეს მომავალში არ აქვს – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ შეკითხვას კლინიკების, მათ შორის კარდიოლოგიური დაწესებულებების მიმართვასთან დაკავშირებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფების გაზრდის შესახებ.
„ზოგიერთი ტარიფი შემცირდა იქიდან გამომდინარე, რომ საბაზრო ფასი გარკვეულ პროდუქტებზე უფრო დაბალი აღმოჩნდა და ტენდერის შედეგად ჩვენ შევძელით მაგალითად დეფიბრილატორის იმაზე ნაკლებ ფასად შეძენა, ვიდრე ეს ტარიფით იყო გათვალისწინებული. სხვა მიმართულებითაც მუშაობა გრძელდება, თუმცა რომ გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში – ერთ კვირაში ან ერთ თვეში – ტარიფების გადახედვა იგეგმება და ამ სერვისებზე ახალი ტარიფები დაწესდება – ასეთი გეგმა სამინისტროს არ აქვს,“ – განაცხადა გაბუნიამ.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტმა სულხან ლომინაძემ jandacva.ge-ს განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში კარდიოქირურგთა ასოციაცია გეგმავს, ჯანდაცვის სამინისტროსთან ძვირადღირებულ ქირურგიულ ოპერაციებზე ტარიფის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. მისი თქმით, ქირურგიულ ოპერაციებზე ტარიფების გათანაბრებამ, რაც 2019 წლის ნოემბერში შევიდა ძალაში, დარგს პრობლემები შეუქმნა, კერძოდ, ფინანსური ზიანი მიაყენა კლინიკებს, ასევე ქირურგიულ ბრიგადებს, რომლებსაც ანაზღაურება შეუმცირდათ. მაგალითად ლომინაძეს შუნტირება მოჰყავს, რაც მანამდე 12500 ლარი ღირდა, ტარიფების გათანაბრების შემდეგ კი 8500 ლარი გახდა. ამას კი დაერთო ლარის გაუფასურება დოლარისა და ევროს მიმართ, რის შედეგადაც, სულხან ლომინაძის შეფასებით, კარდიოქირურგიის სფერო კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ლომინაძის თქმით, პანდემიის პერიოდში ამ საკითხზე კომუნიკაცია მინიმუმამდე იყო დასული, რადგან რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ჯანდაცვის სამინისტროსთვის ამ საკითხებით მიმართვა სწორი არ იქნებოდა. ახლა კი, სულხან ლომინაძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ დღის წესრიგში ჯანდაცვის სფეროში არსებულ სხვა საკითხებზეც დაიწყოს კომუნიკაცია.
ინფორმაციისთვის: 520-ე დადგენილება სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს. დადგენილება ძალაში 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. სამედიცინო მომსახურებებზე სამინისტროს მიერ დაწესებულმა ტარიფებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.