ვადები, რომელიც კლინიკებს ახალი სტანდარტების შესასრულებლად აქვთ, რეალისტურია, ხოლო თუ რომელიმე მათგანი ამ პირობებს ვერ ასრულებს, სამინისტროს უჩნდება კითხვები ამ კლინიკაში არსებული სერვისების ხარისხთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ შინაარსის განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა. მანამდე ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი სიახლეები სექტორისთვის სიურპრიზები არ უნდა იყოს და შესაძლოა, ჰოსპიტლების ნაწილს პრობლემები შეექმნას.
თამარ გაბუნიას განცხადებით კი, პრიორიტეტი პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვაა.
„განსაზღვრული ვადები არის ის რეალისტური ვადები, რომლებშიც კლინიკებმა შესაძლოა შეასრულონ ეს პირობები. თუ კლინიკა ამ პირობებს ვერ ასრულებს, ამ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმევა, რამდენადაა მზად კლინიკა, გააგრძელოს უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისი პაციენტებისთვის. მიზანია, რომ სტანდარტი დაუახლოვდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ჩვენ კლინიკებთან და ასოციაციებთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს სტანდარტი შესრულდეს პაციენტების საუკეთესო ინტერესებისთვის,“ – განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ: სტაციონარული დაწესებულებების ახალი სანებართვო პირობები მთავრობის ბოლო სხდომაზე დამტკიცდა.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ცვლილების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა აღარ გაიცემა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე.
დაწესებულება ვალდებულია თავისი საქმიანობა ახალ სანებართვო პირობებთან 2023 წლის 1 სექტემბრამდე მოიყვანოს შესაბამისობაში .