მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » თამარ გაბუნია ტრანსპორტის აღდგენაზე: შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს

თამარ გაბუნია ტრანსპორტის აღდგენაზე: შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს

შეზღუდვების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით, სიტუაცია არის საკმაოდ რთული, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ კითხვას, რამდენად შესაძლებელია 4 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, თუმცა მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით ის შეზღუდვები, რაც არსებობს, ისე გაგრძელდება.

„შემსუბუქების საფუძველი არანაირი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია არის საკმაოდ რთული, კლინიკები გადატვირთულია. ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია, უნდა აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით.

საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით საბჭო იმსჯელებს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით შეზღუდვები ის, რაც გვაქვს და როგორც არის დაანონსებული, ისე გაგრძელდება.

საბჭო იმსჯელებს და იქნება გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით ზუსტად როდის იქნება“, – განაცხადა გაბუნიამ.

ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საუბრისას გაბუნიამ აღნიშნა, რომ პიკი, როგორც ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები მიუთითებს, უკვე დადგა. ახლა უნდა ვიყოთ დაღმასვლის პერიოდში, მაგრამ მთავარია, რამდენად სწრაფი იქნება დაღმასვლის ტემპი.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარე კვირაში გამოჩნდება, შენარჩუნდება არსებული ვითარება, თუ ინფიცირების მაჩვენებლის კლება იქნება.

„ეს კვირა გვიჩვენებს, შენარჩუნდება თუ არა პლატო, თუ იქნება გარკვეული ტენდენციები შემცირების. ეს დამოკიდებულია პრევენციული ღონისძიებების ინტენსივობაზე, ვაქცინაციის აქტივობაზე და იმაზე, სად გაწყდება გადაცემის ჯაჭვი“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ იქნება კლინიკებში ჟანგბადის ბალონებთან დაკავშირებით პრობლემა, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ისინი რამდენიმე ქვეყნიდან უკვე შესყიდულია.

„ჟანგბადის მომარაგებასთან დაკავშირებით გვეხმარება ეკონომიკის სამინისტრო, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო. საერთაშორისო შესყიდვები დაიწყო, რამდენიმე ქვეყნიდან მოდის უკვე ჟანგბადი. რთულია ლოჯისტიკის საჭირო დონეზე შენარჩუნება, თუმცა ჯერჯერობით ხერხდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …