იზოლაციის 7-დღიანი ვადის დასრულების შემდეგ არანაირი ფაზების შეფასება საჭირო არ არის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსაზრებებზე კომენტარისას განაცხადა.
შეგახსენებთ: ბოლო დღეების განმავლობაში ფეისბუქ მომხმარებელთა ნაწილი წერს, რომ იზოლაციის გასვლის შემდეგ აუცილებელია პისიარ ტესტირების ჩატარება და დადებითი პასუხის შემთხვევაში ადამიანმა უნდა გაიგოს ვირუსის ფაზა. ფეისბუქის მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ თუ ფაზა 30-ის ქვევითაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გადამდებია და მისი იზოლაციიდან გასვლა სხვა ადამიანებისთვის საფრთხის შემცველია.
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ იზოლაციის შესახებ მოქმედ რეკომენდაციებში გათვალისწინებულია ყველა ის ზომა, რომელმაც ვირუსის შესაძლო გავრცელებას ხელი უნდა შეუშალოს და დამატებითი კვლევებისა და ფაზების დადგენა არ არის საჭირო.
„მთელი მსოფლიო და ჩვენც ვიყენებთ იმ პროტოკოლს, რომელიც ითვალისწინებს იზოლაციის დღეების შემოკლებას და აქ მთავარი ფაქტორი არის ის, რომ პირს არ უნდა ჰქონდეს სიმპტომი. სიმპტომური პირი არის გადამდები და ამდენად, 7 დღეც არის იმ დაშვებით, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ადამიანი უნდა იყოს სრულიად უსიმპტომო – არ უნდა ჰქონდეს ტემპერატურა და სხვა სიმპტომები. ამ შემთხვევაში, თუკი ის მაინც არის გადამდები, ამ გადამდებლობის ხარისხი მცირდება და დაცვა გარანტირებულია ნიღბის გამოყენებით. ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ 7 დღის შემდეგ, თუ იზოლაცია დასრულდა, 5 დღე აუცილებლად უნდა გამოიყენოს ნიღაბი, სხვაგვარად ეს შესაძლოა იყოს რისკებთან დაკავშირებული. ლაბორატორიული გამოკვლევა იზოლაციის ფაზის დასრულების შემდეგ საჭირო არ არის. როდესაც პისიარ ტესტი ტარდება ლაბორატორიაში, იქ ჩანს რა ეტაპზეა დაავადების მიმდინარეობა, მაგრამ როდესაც სრულდება იზოლაციის ვადა – 7 დღე, და პირი არ არის სიმპტომური, მას შეუძლია მშვიდად დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას და 5 დღის განმავლობაში ატაროს ნიღაბი. არც ლაბორატორიული ტესტირება და არც არანაირი ფაზების შეფასება საჭირო არ არის,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.