სასიცოცხლო რისკების შემცირების შემდეგ, რისი მოლოდინიც გვაქვს მომდევნო დღეებში, მაშინვე აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მოიხსნება ის შეზღუდვები, რომელიც უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სასიცოცხლო რისკებთან დაკავშირებით შემოიღო.
„ვსაუბრობდით სასიცოცხლო რისკებზე, რომელიც უკავშირდებოდა ეპიდემიის ძალიან სწრაფად გავრცელებას. როცა ასეთი სასიცოცხლო რისკების წინაშე ვდგავართ, ეს არის უპირატესი სხვა სოციალურ და ბიზნესსაჭიროებებთან შედარებით. როგორც კი რისკები შემცირდება და ამის მოლოდინი გვაქვს მომდევნო დღეებში, მაშინვე აღდგება ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირება, მოიხსნება ის შეზღუდვები, რომელიც სასიცოცხლო რისკებთან დაკავშირებით იქნა შემოღებული. გვესმის, რომ სამსახურში წასვლისთვის სჭირდებათ სატრანსპორტო საშუალება, სკოლების გახსნა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ გასული ერთი თვე ჩვენთვის იყო უდიდესი სასიცოცხლო რისკი ეპიდემიის მართვის კუთხით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მოქალაქეებისთვის გამოიყო სატრანსპორტო საშუალებები, სპეციალურად იმ მიზნებისთვის, რომ მივიდნენ ვაქცინაციის ცენტრებამდე.
„თბილისში, ქუთაისში, რუსთავში მოძრაობენ ავტობუსები სპეციალურად ვაქცინაციის მიზნებისთვის, სადაც მუშაობს დღის განმავლობაში თითო ბრიგადა, ვაქცინაციის რაოდენობა კი მერყეობს დაახლოებით 70-დან 100-მდე. ესეც გარკვეულწილად ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ თუ მოქალაქეს უჭირს გადაადგილება, იქვე ავტობუსში ჩაიტაროს ვაქცინაცია. ვფიქრობ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტი დღეს არ მუშაობს, საკმარისად მაღალია, რადგან მოქალაქეებს ემსახურებათ ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებები. ამდენად, ეს ვერ იქნება ვაქცინაციის ტემპის შემცირების მიზეზი, რადგან როგორც კი შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა, საკმაოდ მაღალი იყო ვაქცინაცია. სხვა მიზეზები უფრო უნდა ვეძიოთ, მნიშვნელოვანია ამ მიზეზებზე ზემოქმედება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.