მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » თამარ გაბუნია: გაფანტული სკლეროზის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და ვფიქრობ, რომ ეს საკითხიც იქნება გადაწყვეტილი

თამარ გაბუნია: გაფანტული სკლეროზის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და ვფიქრობ, რომ ეს საკითხიც იქნება გადაწყვეტილი

როდის უზრუნველყოფს სახელმწიფო გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებისთვის მკურნალობაზე ხელმისაწდვომობისა და ღირსეული ცხოვრების უფლებას – ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა ეს საკითხი ბოლო პერიოდში იმდენად გააქტიურდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს მაინც მოუწიათ გარკვეული განმარტებების გაკეთება. თემის გააქტიურება პირველ რიგში თავად პაციენტების პროტესტის შედეგია – მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან 11 მაისს, აქცია გამართეს და მკურნალობის დაფინანსებაში არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრა მოითხოვეს.

საქმე ისაა, რომ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები მკურნალობის გარეშე არიან დარჩენილები. გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების მკურნალობას მხოლოდ თბილისის მერია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს. დანარჩენ რეგიონებში მცხორები მოქალაქეები სახელმწიფომ, პრაქტიკულად, გაწირა შეზღუდული შესაძლებლობებისთვის, რადგან ეს დაავადება, მკურნალობის არარსებობის პირობებში, ადამიანის მდგომარეობის დამძიმებას და სხვადასხვა მიმართულებით მის გარდაუვალ პარალიზებას იწვევს.

მოქმედი პროგრამების შედეგად, თბილისსა და აჭარაში მცხოვრები პაციენტების ხარისხი მკვეთრად უმჯობესდება და ისინი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს კი აქვთ სამართლიანი და რიტორიკული შეკითხვა – ისინი მხოლოდ იმისთვის ისჯებიან, რომ  თბილისში ან აჭარაში არ ცხოვრობენ? ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია პაციენტების დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ისინი არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ კონკრეტულ რეგიონში ან ქალაქში არ ცხოვრობენ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, რომელმაც, მართალია, ცენტრალიზებული პროგრამის ამოქმედების კონკრეტულ ვადებზე არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

“ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს მწარმოებელთან იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რამდენად მოხერხდება ბიუჯეტის ფარგლებში მედიკამენტებით პაციენტების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით წელსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო, თუმცა – სხვა პაციენტების ჯგუფში. საუბარი მაქვს იშვიათ დაავადებებზე და ძვირადღირებულ ინოვაციურ მედიკამენტებზე, რომელთა ეტაპობრივი დანერგვა პროგრამის ფარგლებში ხდება და გაფანტული სკლეროზის კუთხითაც ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხიც იქნება გადაწყვეტილი,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

რამდენად შეასრულებს სახელმწიფო საკუთარ დანაპირებს, ამაზე პასუხის გაცემა სამინისტროს უახლოეს კვირეეებში მოუწევს, რადგან პაციენტები პროტესტის შეჩერებას არ აპირებენ. მანამდე კი, ვიდრე სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების მკურნალობის დასაფინანსებლად თანხებს ეძებს, გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებს, საუკეთესო შემთხვევაში, ჯანმრთელობის შენარჩუნება საკუთარი სახსრებით უწევს, რისთვისაც ზოგი მათგანი საცხოვრებლის გაყიდვასაც კი ცდილობს. თუმცა დაავადებულებს შორის უმეტესობას არ აქვს „ფუფუნება,“ საკუთარ ჯანმრთელობას წელიწადში 25 ათასი ლარი დაახარჯოს. ისინი უბრალოდ, ელოდებიან შეზღუდული შესაძლებლობის განვითარებას, რაც სხვადასხვა ორგანოს პარალიზებაში გამოიხატება. თუმცა პაციენტები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და გეგმავენ, არ ჩაიქნიონ ხელი და სახელმწიფო ადრე თუ გვიან აიძულონ, მოიძიოს ფინანსები მათ სამკურნალოდ. მკურნალობა კი ამ ადამიანებისთვის, რომელთა ასაკი, ხშირ შემთხვევაში 20-დან 40 წლამდეა, ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებას, დაოჯახებას, კარიერის აწყობას და ქვეყნის განვითარებასა და დოვლათის შქმნაში მონაწილეობის უფლებას ნიშნავს.

 

Jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …