საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ჯერჯერობით ინდური შტამი დაფიქსირებული არ არის.
რაც შეეხება ვაქცინების ეფექტურობას ახალ შტამებთან მიმართებაში, გაბუნიას განმარტებით, ბაზარზე არსებული ვაქცინები ამ დროისთვის ყველა შტამის შემთხვევაში ეფექტურია.
„ამ დროისთვის ქვეყანაში ინდური შტამის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას ახალ და განსაკუთრებით ინდურ შტამთან მიმართებაში, ჯერ ყველა მწარმოებელი ადასტურებს, რომ ის ვაქცინები, რომლებიც ბაზარზეა შემოსული, ეფექტურია შესაძლო გარკვეული მერყეობით.
ყოველ შემთხვევაში, „ფაიზერმა“ დაადასტურა, რომ მისი ვაქცინა მაღალეფექტურია ყველა შტამთან მიმართებაში, სხვა მწარმოებლები ამბობენ, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული ეფექტურობის შესუსტება, მაგრამ ზუსტად რაზეა საუბარი, ეს კვლევებით უნდა დადასტურდეს. ყველა მიყვება იმ რეკომენდაციას, რომ ვაქცინა ეფექტურია ყველა შტამის შემთხვევაში და ჩვენც იგივე რეჟიმში ვაგრძელებთ ვაქცინაციის პროცესს“, – განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის ინდურ შტამს, სავარაუდოდ, ანტისხეულები ვერ აჩერებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა მარია ვან კერკჰოვმა განაცხადა.
„სწორედ ამიტომ მივანიჭეთ ინდოეთში გავრცელებულ შტამს, ბი 1,1617-ს, კლასიფიკაცია „საგანგაშო“. თუმცა იმის მტკიცება, რომ ეს შტამი ვაქცინების მიმართ უფრო მეტად რეზისტენტულია, ჯერ ნაადრევია“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი.
წინასწარი ცნობებით, შტამი ბი 1,617-ი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის სხვა ვარიანტები, რომლებიც ინდოეთში ცირკულირებს.
1tv.ge-ს მასალები