რა განაპირობებს ბავშვებში კორონავირუსის მსუბუქ მიმდინარეობას და რა იცავს მათ გართულებებისგან? ამის შესახებ განმარტებები პედიატრიულ პაციენტებში COVID- 1 9-ის მართვის განახლებულ პროტოკოლშია მოცემული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ SARS-COV‐2-ს აქვს SARS-COV-ის მსგავსი შემბოჭველი რეცეპტორი, კერძოდ, კორონავირუსის შ-პროტეინი, რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია ინფიცირებული მასპინძლის რეცეპტორულ პროტეინთან შეკავშირებაზე, რაც საშუალებას აძლევს ვირუსს შეიჭრას და დაინფიციროს მასპინძლის უჯრედები. კვლევებმა აჩვენა, რომ ანგიოტენზინის ‐ გარდამქმნელი ფერმენტი‐2 არის შ პროტეინის რეცეპტორული ცილა, რომელიც აუცილებელია კორონავირუსის ადამიანის ორგანიზმში შეჭრისათვის და ეს რეცეპტორული ცილა ბავშვებში არასრულყოფილადაა განვითარებული და არასრულად ფუნქციონირებს.
ასევე შესაძლებელია, ეს დაკავშირებული იყოს ბავშვებში თანდაყოლილი იმუნური სისტემის არასრულყოფილ განვითარებასთან და, როგორც შედეგი, ადაპტაციური იმუნური პასუხის დაბალ დონესთან.
ბავშვებში COVID‐19-ის სიმპტომები მსუბუქია, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს უფრო სუსტ ანთებით რეაქციასთან, რადგან იმუნური სისტემა ბავშვებში ნაკლებად განვითარებულია.
ამასთან, პროტოკოლის თანახმად, ბავშვებს საზოგადოებაში აქტიურობის ხარისხი ნაკლები აქვთ, და შესაბამისად, ნაკლები რისკი კონტაქტი ჰქონდეთ კორონავირუსით დაავადებულთან;
ბავშვებს აქვთ უფრო ჯანმრთელი ფილტვები, ვინაიდან ნაკლებად და უფრო ხანმოკლედ განიცდიან თამბაქოს კვამლის და გარემოს დაბინძურების ზემოქმედებას;
დოკუმენტში განმარტებულია, რომ „ძველი“ კორონავირუსი ბავშვებში გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. გაციების ასეთი ეპიზოდები ბავშვს წელიწადში შეიძლება 8-10 ჰქონდეს, რაც მათ, შესაძლოა, გარკვეულ იმუნიტეტს აძლევს ამ „ახალი“ კორონავირუსის მიმართაც;
ამასთან, მოზრდილებში ახალი კორონავირუსით განპირობებულ ფილტვის დაზიანებაში ვირუსთან ერთად დიდ როლს თამაშობს ე.წ. ციტოკინური შტორმი, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემის ზედმეტად აგრესიული პასუხი უშუალოდ ვირუსზე მეტად აზიანებს ფილტვებს და შემდეგ მთლიან ორგანიზმს. ბავშვებში იმუნური სისტემის უმწიფრობის გამო კი ასეთი შეუსაბამო პასუხი არ ვითარდება.