მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა საქართველოში მცხოვრები ყველა ონკოპაციენტისთვის“

„სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა საქართველოში მცხოვრები ყველა ონკოპაციენტისთვის“

24 ნოემბერს, გაიმართა მედიასემინარი თემაზე „ხელმისაწვდომი მკურნალობა ყველას“. ღონისძიების მიზანს მედიის წარმომადგენლებისთვის ონკოლოგიური დაავადებების მართვაში დღეს არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრის გზების გაცნობა წარმოადგენდა, რათა მათი ჩართულობით განხორციელდეს  შემდგომი სამოქმედო გეგმის დასახვა. კერძოდ, თემის მეტად აქტუალიზაციით  საბოლოო შედეგების მიღწევა,  რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე სრულფასოვან და თანაბარ ხელმისაწვდომობას გულისხმობს. შეხვედრა სამუშაო ფორმატში ჩატარდა, რომელშიც ექიმები, პაციენტები და  მედია მონაწილეობდნენ.

დღეს არსებული მდგომარეობით: კერძო დაზღვევის ბენეფიციარებს, არ აქვთ ან ძალიან მწირია ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის  პროგრამაში ონკოლოგიური მკურნალობისთვის გამოყოფილი ლიმიტი არ არის საკმარისი მრავალი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, რაც ნიშნავს, რომ პაციენტები ვერ ან მხოლოდ ნაწილობრივ ახერხებენ მკურნალობის კურსის გავლას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში ზრდის ონკოლოგიური დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

კერძოდ, რომ შევაჯამოთ, დასაქმებული ადამიანები, რომლებიც იხდიან სახელმწიფო გადასახადებს და ამით გარკვეულწილად აფინანსებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებსაც, კერძო დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში რჩებიან მკურნალობის მიღმა, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები არასრულყოფილი მკურნალობის შედეგად ვერ ამარცხებენ დაავადებას, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაც საბოლოო ჯამში უშედეგოდ იხარჯება.

სამედიცინო სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ერთერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ონკოლოგიური პაციენტების მართვაში. ჯანდაცვის სფეროში, არათანაბარი ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებულ ონკოლოგიურ სერვისებზე არის არათანაბარი წვდობა დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის ან ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რაც არის  პაციენტის დისკრიმინაცია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა არ მოიცავს ყოველი პაციენტისათვის იდენტური რესურსის მიწოდებას (ერთი ზომის ფეხსაცმელი ყველას არ ერგება). ყოველი შემთხვევა საჭიროებს პერსონალიზირებულ მიდგომას. თანაბარი ხელმისაწვდომობისას მნიშვნელოვანია თითოეულ პაციენტს მივაწოდოთ ის რესურსი, რაც მას სჭირდება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქართველოს მთავრობის ერთერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან და ეფექტიან ჯანმრთელობის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვაც 2030 წლისთვის მოიაზრებს ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას, უნივერსალური ჯანდაცვის პრინციპების გათვალისწინებით“- აღნიშნა მისალმებისას  „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტმა, ანა მაზანიშვილმა.

„პრობლემებს შეგვიძლია დავუპირისპირდეთ მათი გადაჭრის გზებით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მივუახლოვდეთ კიბოს მართვის დასავლურ სტანდარტებს:  შეიქმნას ერთიანი სტანდარტიზებული ბაზისური ონკოლოგიური პაკეტი, რომელიც იქნება საყოველთაო ჯანდაცვის ონკოლოგიური პაკეტის იდენტური და რომელიც სავალდებულო იქნება კერძო დაზღვევისთვის, გაიზარდოს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ონკოლოგიური პაკეტის ბიუჯეტი,“ – ითქვა სემინარზე.

„სადაზღვევო კომპანია გარკვეული სისტემის მიხედვით ადგენს სადაზღვევო პოლისებს. გასაგებია ისიც, რომ სახელმწიფოს არ აქვს უსასრულო ფინანსური შესაძლებლობები, მაგრამ უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც ასეთი რთული დიაგნოზის დროს ადამიანს მკურნალობის გარეშე არ დატოვებს. გარდა ფინანსებისა, უნდა არსებობდეს ისეთი სისტემა, როცა საყოველთაოს ფარგლებში გამოყოფილ თანხებს პაციენტი დიდხანს არ ელოდობოდეს და ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დღეებს და კვირეებს არ კარგავდეს. ამისთვის ადამიანები ხელისუფლებას ფულს ვუხდით და ის ჩვენზე მორგებული, ეფექტიანი უნდა იყოს. მე, კერძო დაზღვევის მქონე ადამიანმა, რომელიც ბიუჯეტში გადასახადებსაც ვიხდი და კერძო დაზღვევის ყოველთვიურ პრემიასაც ვფარავ, მკურნალობის სრული და დროული დაფინანსება მაინც ვერ მივიღე,“ – აღნიშნა მოწვეულმა პაციენტმა.

„როცა საქმე სიმსივნურ დაავადებებს ეხება, ყველა მოქალაქე თანასწორი უნდა იყოს. საუბარია დაავადებაზე, რომელიც, მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში სიცოცხლესთან შეუთავსებელია. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ სისტემის შეცვლაზე. უცხოეთის ქვეყნებში ხომ ფინანსდებიან ასეთი პაციენტები? ხომ არსებობს უკვე აპრობირებული, დაზღვევის ეფექტური სისტემები მსოფლიოში? სპეციალისტებმა აუცილებლად უნდა იფიქრონ ამაზე და უნდა დაიწყოს ამ სისტემის შეცვლა,“ – აღინიშნეს მედისემინარზე.

დღევანდელი სისტემით ზარალდებიან კერძო დაზღვევის მქონე ადამიანები და ის პაციენტებიცრომლებიც სახელმწიფოზე არიანჩამოკიდებულები“, რადგან ჯიბიდან მეტის გადახდა უწევთ. ოჯახებისთვის კატასტროფული დანახარჯები გაზრდილია. გარდა ამისა, ჩვენც კი, ვინც სახელმწიფოზე არ ვართ დამოკიდებული და გვაქვს პაკეტები, რომლის ფულსაც ჩვენ თვითონ ვიხდით, ვზარალდებით იმიტომ, რომ მთლიანად სისტემაში ხარისხი არ არის და სისტემა ხარჯთარაეფექტურია. ეს აისახება ჩვენზე იმით, რომ ყოველწლიურად სადაზღვევო პაკეტები გვიძვირდება. ანუ სისტემა ჯამურად ყველასთვის ცუდად მუშაობს. სადაზღვევოებიც ზარალდებიან და სახელმწიფოც სულ წუწუნებს, რომ ფული არ ჰყოფნის. დღევანდელ სისტემაში ფულის ჩადება არანაირ ეფექტს პაციენტების მკურნალობის ხარისხსა და გამოსავალზე არ იძლევა,“ – მიაჩნიათ მედიის წარმოამდგენლებს.

აღსანიშნავია, საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისთვის ერთიანი სტანდარტიზებული პაკეტის შემოღებას უკავშირდება, რომელსაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს დაბალშემოსავლიანი ჯგუფებისთვის, ნაწილობრივ დააფინანსებს საშუალოშემოსავლიანი ჯგუფებისათვის, ხოლო მაღალშემოსავლიან მოსახლეობას კერძო სადაზღვევო ინდუსტრია დაფარავს. შესაბამისად, აღნიშნული კამპანია „ხელმისაწვდომი მკურნალობა ყველას“ სრულად შესაბამისობაშია ამ იდეასთან და მისი მიზანია, საკითხის აქტუალიზებით დაეხმაროს სახელმწიფოს დასახული სტრატეგიის აღსრულებაში.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …