მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მალე 7 ათასს მიაღწევს

სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მალე 7 ათასს მიაღწევს

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა – გარდა იმისა, რომ ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა, პანდემიის განმავლობაში მეორედ, 6 ათასს გადააჭარბა, გაიზარდა რეპროდუქციის, ანუ ვირუსის ერთი ადამიანიდან სხვა ადამიანებზე გადაცემის ინტენსივობა: თუ რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს მონაცემი 1-ს ქვემოთ იყო, ახლა 1-ს ასცდა და დღევანდელი მონაცემებით 1.08 შეადგინა. ეს ნიშნავს იმას, რომ 10 ადამიანი კორონავირუსით საშუალოდ 11 ადამიანს აინფიცირებს.

რეპროდუქციის ინდექსის 1-ზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დამძიმების ტენდენციის ინდიკატორია.

ამასთან, რეგულაციის არსებობისა და ექიმების ყოველდღიური მოწოდებების მიუხედავად, არ იმატებს პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც 47%-ს შეადგენს.

რეგიონებს შორის ყველაზე მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რაჭაშია, სადაც 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 18,9%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე 18,4%-იანი მაჩვენებლით  კახეთია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში დადებითობის მონაცემით პირველი იყო.

ამ კუთხით „მწვანე“ ზონად რჩება აჭარა, სადაც დადებითობის მაჩვენებელი 3,3%-ია.

სპეციალისტების თქმით, არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 7 ათასამდეც კი ავიდეს.

ხალხმრავლობა, არჩევნები,მიტინგები, რეგულაციების აღსრულების არარსებობა, პირბადის ტარებისა და აცრილთა დაბალი რაოდენობა – ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე მძიმე ზამთარს პორგნოზირებს, განსაკუთრებით –  სეზონური გრიპის ვირუსების გავრცელების ფონზე.

დევი ტაბიძის თქმით კი, თუ საზოგადოება ვირუსის წინააღმდეგ ორგანიზებული არ იქნება, არ არის გამორიცხული, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 7 ათასს გადასცდეს.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …