სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური გათვლებით, არის ალბათობა, რომ ზაფხულის დასაწყისში საქართველოში ეპიდსიტუაცია მეტ-ნაკლებად გაუარესდება. ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
„შესაძლოა, ომიკრონის გამო ეპიდსიტუაციის ახალი ტალღა განვითარდეს და ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, რისი სხვადასხვა მაგალითიც უკვე გვაქვს. აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ფრთხილად, დავიცვათ რეკომენდაციები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საკმაოდ ფრთხილია და თუ ბოლო ოფიციალურ განცხადებებს დავაკვირდებით, ისინი გვამცნობენ, რომ დაახლოებით წელიწადი-წელიწად ნახევარი დარჩენილია პანდემიის სრულად დასამარცხებლად,“ – განაცხადა გოგინავამ და აღნიშნა, რომ პანდემიის დასრულებულად გამოცხადება მსოფლიოს მოსახლების 70-80%-ის ვაქცინაციის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
მორიგი ტალღის დაწყებას არ გამორიცხავს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც, რომლის პროგნოზით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა აპრილის მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი.
„ ეს ტალღა დასრულებულია, თუმცა არის რამდენიმე ფაქტორი: ომიკრონის ახალი ქვევარიანტი, ასევე ვაქცინების და გადატანილი ინფექციით შექმნილი იმუნიტეტის მოსუსტება და შემზღუდავი ღონისძიებების სრული დერეგულაცია – რომლებიც დაახლოებით თვენახევარში-ორ თვეში ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ციფრების მატებაზე,“- აღნიშნა კულუმბეგოვმა, თუმცა ახალი ტალღის პირობებში მძიმე პაციენტების რაოდენობისა და ჰოსპიტლების გადატვირთვას იმუნოლოგი არ ელოდება.
jandacva.ge