მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » სისხლის და მისი კომპონენტების უსაფრთხოების დაცვის მიზნით სპეციალური ორგანო შეიქმნება

სისხლის და მისი კომპონენტების უსაფრთხოების დაცვის მიზნით სპეციალური ორგანო შეიქმნება

საქართველოში უსაფრთხო სისხლის რეფორმა იწყება.

ამ თემაზე დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სისხლის ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა  საქართველოში სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებასა და ახალ კანონპროექტზე ისაუბრეს,  რომელიც სისხლის პროდუქტების წარმოების სისტემის გაძლიერებას, ხარისხის გაუმჯობესებას და ცენტრალიზებული სისტემის შექმნას ითვალისწინებს.  განიხილეს  სისხლის უანგარო დონაციის ხელშეწყობის საკითხიც.

კანონპროექტი სისხლის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ნორმატიულ მასალას  ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცევს, რომელიც ევროდირექტივებთან იქნება შესაბამისობაში.

ჩამოყალიბდება სისხლის და მისი კომპონენტების ერთიანი ხარისხის სისტემა, რომელიც  სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხის დაცვას უზრუნველყოფს. მოწესრიგდება სისხლის დონორობის უფლებასთან და პრინციპებთან დაკავშირებული საკითხები. განისაზღვრება კომპეტენტური ორგანოს მიერ ლიცენზიის გაცემის წესი, სისხლის დაწესებულების კონტროლთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები და ჩამოყალიბდება სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში კომპეტენტური ორგანო.

სისტემის გაძლიერების მიზნით, 2020 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო და  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრი, ლიეტუველ და ჰოლანდიელ ექსპერტებთან ერთად  ევროკავშირის დაძმობილების  TWINNING პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ქართველ ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს სისხლის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობის ევროდირექტივებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

კანონპროექტის მიღებით საქართველო  ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს შეასრულებს.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …