ომიკრონი – კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი. სიფრთხილე აუცილებელია, პანიკა – უაზრო. ამის შესახებ პროფესორი, მედიცინის დოქტორი ზვიად კირტავა წერს.
მისი თქმით, ახალი ინფორმაციის უგულვებელყოფა დიდი შეცდომაა. ასევე გაუმართლებელია პოტენციური საფრთხის რეალურ და უკვე დამდგარ კატასტროფად წარმოჩენა.
„კოვიდ-19 ახალი ვარიანტის შესახებ ინფორმაციები ჯერჯერობით სწორედ იმის საფუძველს იძლევა, როგორი კლასიფიკაციაც მისცა ჯანმო-მ ამ ვარიანტს – “შეშფოთების ვარიანტი” (Variant of Concern – VOC). თუმცა, ამავე დროს ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სხვა შეშფოთების ვარიანტებიდან მხოლოდ დელტა ვარიანტი აღმოჩნდა რეალურად ისეთი, რომელმაც მკვეთრად გაართულა კოვიდ-19-ის მართვა გლობალური მასშტაბით.
ომიკრონი (B.1.1.529) სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა პირველად 9 ნოემბერს დააფიქსირეს. რეპროდუცირების მაჩვენებელი R ამჟამად 2-ის ტოლია, ანუ თითოეულ დაინფიცირებულს შეუძლია ვირუსი 2 ადამიანს გადასდოს. რაც არც ისე მაღალია, თუ დელტა ვარიანტს შევადარებთ (რომელსაც ეს მაჩვენებელი 6-7-ის ფარგლებში ჰქონდა), თუმცა ქვეყნის გაუტენგის რაიონში ომიკრონმა ბოლო კვირაში სწრაფი გავრცელება გამოიწვია და ახალი შემთხვევების 90% სწორედ ამ შტამზე მოდის.
სამხრეთ აფრიკაში მოსახლეობის 24%-ია სრულად ვაქცინირებული, ბოტსვანაში – 19.6%.
ჯერჯერობით სულ 77 შემთხვევაა მხოლოდ დადასტურებული სამხრეთ აფრიკაში, 4 ბოტსვანაში და ერთეული შემთხვევები მსოფლიოში (ბელგია, ისრაელი, ჰონგ-კონგი).
ყველაზე მნიშვნელოვანია მუტაციების არნახული რაოდენობა – 50-მდე. თანაც აქედან 30 მუტაცია სპაიკ-ცილაზე მოდის, რომლის მიმართ ვაქცინების დიდი ნაწილის მექანიზმია აწყობილი. მათ შორის 15 მუტაცია- სპაიკ ცილის რეცეპტორის შემბოჭველ დომენში, რომელსაც ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შესაღწევად იყენებს, მაშინ, როცა დელტა ვარიანტს ამ დომენის მხოლოდ 2 მუტაცია ჰქონდა. ამავდროულად, ყველა მუტაცია ვირუსის უარყოფით ეფექტს, შეიძლება, არ აძლიერებდეს, ზოგჯერ – პირიქითაც ხდება.
პოტენციური საფრთხეები:
ვირუსის ახალი ვარიანტს შეიძლება უფრო მაღალი ჰქონდეს რეინფიცირების რისკი, როგორც გადატანილ, ასევე ვაქცინირებულ პაციენტებში. თუმცა ჯერ ეს მხოლოდ თეორიული მსჯელობაა და გაცილებით მეტი მონაცემია საჭირო, რომ მყარად დავასკვნათ.
ომიკრონი შეიძლება უფრო გამძლე აღმოჩნდეს ვაქცინების დამცველი ეფექტის მიმართ, მუტაციების გამო იმუნიტეტისგან გაქცევის მეტი შანსის გამო. ამის თაობაზე მეტი ინფორმაცია, ალბათ, 2 კვირაში გვექნება.
რა არ ვიცით:
ომიკრონს კოვიდ-19 მძიმე ფორმების უფრო მაღალი სიხშირე ექნება? ჯერჯერობით არ ვიცით.
გლობალურად უფრო სახიფათო იქნება თუ არა, ვიდრე დელტა? – არც ეს ვიცით დაზუსტებით. ბეტა ვარიანტს (რომელსაც ადრე ასევე სამხრეთაფრიკულ ვარიანტსაც უწოდებდნენ), მეტი მუტაცია ჰქონდა, ვიდრე დელტას, მაგრამ დელტამ იგი ადვილად ჩაანაცვლა უფრო მაღალი ინფიცირების მაჩვენებლის გამო. ვირუსის ჯამური საფრთხე სამი მახასიათებლით იზომება – რამდენად ადვილად ვრცელდება, რამდენად ადვილად გაურბის ბუნებრივ თუ შეძენილ იმუნიტეტს და რამდენად სწრაფ და მძიმე დაზიანებებს იწვევს სამიზნე ორგანოებში.
დამაიმედებელი ფაქტორები:
დელტა ვარიანტი მსოფლიომ სერიოზული საფრთხედ შეაფასა მისი აღმოჩენიდან 3-4 თვის შემდეგ, როცა უკვე ასამდე ქვეყანაში იყო დაფიქსირებული. ამჯერად, სამხრეთაფრიკელი მეცნიერების წყალობით, ჯანმო-ს გაფრთხილება და პოტენციური საფრთხის შეფასება ორ კვირაში მოხდა. ეს გვაძლევს გლობალურ გავრცელებამდე რამდენიმე თვეს, რომლის განმავლობაში ახალი ტაქტიკა უნდა იქნას აპრობირებული.
ომიკრონის ვარიანტის დადასტურება ჩვეულებრივი PCR-თაც შეიძლება, და არაა აუცილებელი ძვირი და რთული სექვენირების მეთოდები. რაც ახალი შტამის უფრო ადვილად გამოვლენის, დაკვირვების და ეპიდემიოლოგიური თუ სხვა მონაცემების სწრაფად შეგროვების შანსს ზრდის.
პფაიზერმა განაცხადა, რომ 2 კვირაში ექნება მონაცემები იმაზე, რამდენად იცავს მისი ვაქცინა ომიკრონის შტამით ინფიცირებისა და მძიმე გართულებებისაგან. კომპანიამ განაცხადა, რომ თუ ომიკრონის მიმართ ვაქცინის ეფექტურობა შესამჩნევად დაბალი იქნება, 100 დღეში უკვე ექნება ვაქცინის ახალი ვარიანტი. მსგავსი განცხადება გააკეთა მოდერნამაც.
დელტა ვარიანტის მასობრივი გავრცელების მომენტისთვის მსოფლიოში (ისრაელის გარდა) ვაქცინირების მაჩვენებელი 15-25%-ს არ აჭარბებდა. ომიკრონის რეზისტენტობა ვაქცინების მიმართ, სავარაუდოდ, სრული მაინც არ იქნება და მაღალი ვაქცინაციის მქონე ქვეყნებს დაცულობის უფრო მაღალი დონე შეიძლება აღმოაჩნდეთ, ვიდრე დელტას ტალღების დროს.
დასკვნა: სიფრთხილე აუცილებელია, პანიკა – უაზრო. ადრეც რამდენჯერმე იყო პანიკური მოლოდინები დელტა-პლიუს და მიუ ვარიანტების მიმართ, რომელიც შემდეგში არ დადასტურდა.
ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა საზღვრებზე კონტროლის დაწესებას და ქვეყანაში შემოსვლისას კარანტინის აღდგენას ექნება. აშშ-მ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, სინგაპურმა, კანადამ, ავსტრალიამ, ტაილანდმა უკვე გააკეთეს განცხადებები სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებიდან ფრენების დროებით შეწყვეტასა ან იქაური მოქალაქეების შეშვების აკრძალვაზე. ამავდროულად, ეს ღონისძიება მაინცდამაინც სამართლიანი არაა, და სამხრეთ აფრიკა, ახალი შტამის დროულად დაფიქსირების და მსოფლიოს ადრეული ინფორმირების სამაგიეროდ, მნიშვნელოვან დახმარებას იმსახურებს. გამართლებული იქნება დასახელებული ქვეყნებისთვის საფინანსო, სამეცნიერო და პრაქტიკული დახმარების სერიოზული პაკეტების სწრაფად გამოყოფა. სავარაუდოდ, როგორც პფაიზერის, ასევე მოდერნას და სხვა კომპანიების დამატებითი კლინიკური კვლევები სწორედ სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებში განხორციელდება,“- წერს ზვიად კირტავა.