მშობლებმა, რომელთა შვილებმა პანდემიის პერიოდში გეგმიური აცრები გამოტოვეს, აუცილებლად უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებებს და ბავშვებს ჩავარდნილი ვაქცინაცია ჩაუტარონ. თუ ქვეყანაში ვერ მოხერხდა ვაქცინაციის სათანადო მოცვა და პანდემიამდელ დონეზე დაბრუნება, შესაძლოა, უახლოეს წლებში გარკვეული ინფექციების აფეთქება მივიღოთ. ამ განცხადებას პედიატრი მაია ხერხეულიძე აკეთებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში გარკვეული გეგმიური ვაქცინაციით მოცვა ქვეყანაში 10%-ით შემცირდა. მიზეზად სახელდება მშობლების შიში, აცრაზე მისული შვილი კოვიდით არ დაინფიცირებულიყო, რის გამოც თავს იკავებდნენ ვაქცინაციის კაბინეტებში მისვლისგან. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ასევე აცხადებენ, რომ ანტივაქსერულმა კამპანიამ, რომელიც კოვიდ-ვაქცინების მიმართ საქართველოში აგორდა, გავლენა გეგმიურ იმუნიზაციაზეც მოახდინა.
მაია ხერხეულიძის თქმით, მშობლების შიში, რის გამოც მათ შვილები გეგმიურ აცრებზე არ მიყავდათ, სრულიად გასაგებია, რადგან ამცრელ დაწესებულებებში დაინფიცირების რისკი არსებობდა, მაგრამ მისთვის გაუგებარია, რატომ არ აქტიურობენ მშობლები ახლა, როდესაც კოვიდის გავრცელების მასშტაბები მინიმალურია, მაგრამ გეგმიურმა აცრებმა მხოლოდ უმნიშვნელოდ მოიმატა. მაია ხერხეულიძე ასეთ მდგომარეობას განგაშის წინა პირობად აფასებს და ამბობს, რომ თუ გეგმიური ვაქცინაცია არ დაუბრუნდა იმ საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს, რომელიც საქართველოს ბოლო წლებში ჰქონდა, შესაძლოა „აფეთქდეს“ ის დაავადებები, რომლებიც აფეთქების სახით დიდი ხანია არ გამოვლენილა.
„გასულ წლებში ჩვენ გვქონდა წითელას აფეთქება მოზრდილ ბავშვთა კატეგორიაში, რომლებშიც დაავადება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა. ამ დაავადებას მძიმე გართულებები ახასიათებს. 1995-96 წლებში გვქონდა დიფტერიის აფეთქება. ანუ აფეთქდა ისეთი დაავადებები, რომლებიც გვეგონა, რომ აღარ გამოვლინდებოდა. იგივე მდგომარეობის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ახლო მომავალშიც. ამიტომ მშობლებმა, რომლებმაც გააჩერეს შვილების გეგმიური აცრები, უნდა გააგრძელონ ბავშვების იმუნიზაცია. ცხადია, საუკეთესო ვარიანტია, რომ მივყვეთ ეროვნულ კალენდარს, მაგრამ თუ რაიმე პრობლემის გამო ბავშვი დროულად ვერ ავცერით, გეგმიური ვაქცინაცია არცერთ შემთხვევაში არ უნდა შევწყვიტოთ. თუ მშობელმა ბავშვს ვერ ჩაუტარა აცრა და ერთი წლის განმავლობაში პატარას პრობლემა არ შექმნია, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ შეექმნება 5 წელიწადში, თუკი ვაქცინაციის დაბალი მოცვა იქნება,“ – განაცხადა ხერხეულიძემ.
მისი თქმით, გამოტოვებული აცრებისთვის ახლა საუკეთესო პერიოდია, რადგან პანდემიამ უკან დაიხია და შემთხვევების რაოდენობა მცირეა, თუმცა არ არსებობს გარანტია,რომ ზამთარში ახალი ტალღა არ დაიწყება. ამის თქმის საფუძველს პედიატრს ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში კოვიდის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი აძლევს. სწორედ ამიტომ, ხერხეულიძის განცხადებით, ეს მშვიდი პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ აცრები, რომლებიც პატარამ გამოტოვა, ახლა ჩავუტაროთ, რათა ის მომავალში მძიმე დაავადებებისგან დაცული იყოს.