ჯანდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ ყველა ტურისტი, ვაქცინაციის სრული დოზის მიუხედავად, საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო ტესტირებას უნდა დაექვემდებაროს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, აქვს თუ არა მინისტრს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუს-ი დაინტერესდა ტურისტული სააგენტოების მხრიდან ვიზიტორების გაყალბებული პისიარ-ტესტის პასუხებითა და კოვიდპასპორტებით შემოყვანის ფაქტებით.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მას ამაზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში დაცვა უნდა გაძლიერდეს და შემოღებულ იქნას რეგულაცია, რომ ვაქცინირებულმა ტურისტებმა, საქართველოს ტეეირორიაზე ყოფნისას პისიარ-ტესტი გაიკეთონ.
„დაცვა უნდა იყოს ორმაგი – მნიშვნელოვანია, მოვითხოვოთ ტურისტებისგან საქართველოს ტერიტორიაზე მათი ტესტირება, რადგან გვაქვს მეტი გარანტია, რომ საქმე არ გვაქვს გაყალბებულ დოკუმენტაციასთან და ტურისტების გადაადგილება უსაფრთხო იქნება უკვე საქართველოს მოქალაქეებისთვის. სამინისტროს მხრიდან ფართოდ არის გაშლილი ტესტირების ცენტრები და მნიშვნელოვანია, ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის სააგენტოსთან ერთად ტურისტებსაც მოვუწოდოთ, რომ მათი ტესტორება მნიშვნელოვანია და სხვა უწყებების ჩართულობით მოხდეს კონტროლი,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაა, უსაფრთხოების ამ ზომას ჰქონდეს არა რეკომენდაციის, არამედ რეგულაციის სახე.
მინისტრის თქმით, ორმაგად ვაქცინირებული ტურისტების სავალდებულო ტესტირება ევროპის არაერთ ქვეყანაში მოქმედებს.