საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2016 წლის მონაცემებით კვლავ დეფიციტურია – განაცხადა ”ჯი-ეიჩ-ენს” მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტმა სერგო ჩიხლაძემ.
მისი თქმით, 2016 წლის გასულ 2 თვეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გადახარჯა გაცილებით მეტია.
”2015 წლის პირველ კვარტალზე გამოყოფილი იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 110 მილიონი ლარი და აქედან 2 თვეში დაიხარჯა 82 მილიონ ლარზე მეტი – გამოყოფილი თანხის 75%-ზე მეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად, გადახარჯვა იყო დაახლოებით 4,5 მილიონი ლარი. წელს პირველ კვარტალზე გამოყოფილია გაცილებით მეტი თანხა – 161 მილიონი ლარი.
გასული 2 თვის მონაცემებით, ამ თანხიდან დახარჯულია უკვე 122 მილიონ ლარზე მეტი, ანუ კვლავ 75%-ზე მეტი, რაც იმნას ნიშნავს, რომ ყოველთვიური გადახარჯვა არის კიდევ უფრო დიდი – 7 მილიონ ლარზე მეტი. სპეციალისტთა ნაწილი, უკვე ორ წელიწადზე მეტია, ვურჩევთ მთავრობას, რომ გადახედოს ამ პროგრამის მიზნობრიობასა და ხარჯვის ეფექტიანობას.
წინა წელს, ხელისუფლებას გაუმართლა და მოიძებნა დამატებითი 100 მილიონი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსური გარღვევა შევსებულიყო და ეს მოხდა ისევ და ისევ სხვა სამინისტროების უნიათობის ხარჯზე, რომლებმაც ვერ აითვისეს მათთვის კუთვნილი საბიუჯეტო სახსრები. წელს კი, ვეჭვობ, ამის რესურსი ჰქონდეს მთავრობას, რადგანაც არჩევნების წელია და წლის ბოლოს აუთვისებელი თანხები ნამდვილად არ იქნება ბიუჯეტში, რომ მოხდეს მათი გადმოსროლა ჯანდაცვაში.
სანამ დროა, სჯობს ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ დაძლიონ თავიანთი სიხისტე და სიჯიუტე და გადადგან ნაბიჯები, რომ ამ პროგრამის ხარჯები გახდეს ეფექტური და მოხდეს ფინანსური სახსრების ხარჯვის მონიტორინგი. კიდევაც რომ გააორმაგონ ან გაასამმაგონ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი, ეს ვერ გადაჭრის პრობლემას, რადგანაც პრობლემა არის არა თანხაში, არამედ მის მიზნობრივ ხარჯვაში და სწორი პრიორიტეტების დასახვაში.
როგორც ჩანს, ზოგადად, ჯანდაცვის სამინისტროში არის პროგრამების დაგეგმვის, პრიორიტეტების დასახვისა და ეფექტური მენეჯმენტის სერიოზული დეფიციტი“, – განაცხადა ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარეში ჩიხლაძემ.