მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის შესაძლო მოდიფიკაციას ექიმები ეხმაურებიან
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომელის საყოველთაო ჯანდაცვის მოდიფიკაციას და დაგეგმილ რეფორმებს შეეხება.

საყოველთაო ჯანდაცვის შესაძლო მოდიფიკაციას ექიმები ეხმაურებიან

როგორ აფასებენ პრემიერ მინისტრ გირგი კვირიკაშვილის განცხადებას საყოველთაო ჯანდაცვის მოდიფიკაციის შესახებ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები?

15 აპრილს,  ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტით საკუთარი ჯანდაცვის უზრუნვეყოფის შესაძლებლობის მქონე მოქალაქეები არ უნდა სარგებლობდნენ. ამით სახელმწიფოს მიეცემა შანსი საშუალო და დაბალ შემოსავლიან ადამიანებს მეტად ეფექტური პაკეტი შესთავაზოს.

კვირიკაშვილის განცხადებას ექიმ ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი ია დავითაია ეხმაურება. დავითაია მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში ეს ცვლილება აქამდეც უნდა განხორციელებულიყო.

„მე ვფიქრობ, რომ ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინათ. არის კატეგორია ადამიანებისა, რომელთაც აქვთ საშუალება, საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯები თავად დაფარონ. ამავე დროს არის სოციალურად დაუცველი ხალხი, რომლებიც ვერ იღებენ საჭირო სამედიცინო მომსახურებას იმის გამო, რომ ფული არ არის პროგრამაში საკმარისი. ამიტომ, თუ სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის უკეთესი პაკეტი იქნება თვითდაფინანსებადი მოსახლეობის ხარჯზე, ეს იქნება ძალიან კარგი.“

ორთოპედ-ტრავმატოლოგი ბასი ტყეშელაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის მოდიფიკაციის მოსაზრებას არ ეთანხმება. ტყეშელაშვილი შიშობს, რომ ადამიანები, რეალურად გაჭირვებული ადამიანები და ისინი,ვისა უბრალოდ საქმის კეთება ეზარებათ, ერთ ჭრილში მოექცევიან.

„საერთოდ, ესეთი დაყოფა ლამაზია, მეტად მომგებიანია, რომ გაჭირვებულს ეხმარებიან უფრო მეტად, ვიდრე იმას, ვისაც საშუალება აქვს. მაგრამ ავიღოთ თუნდაც ჩემი სიტუაცია, ვარ დასაქმებული და ვიხდი საშემოსავლოს. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ კი არ არიან გაჭირვებულები, რომ რაღაცის გაკეთება არ შეუძლიათ, არამედ იმიტომ, რომ არ უნდათ არაფრის კეთება. რატომ უნდა ჰქონდეს მას უკეთესი პირობები სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე მე, რომელმაც ყველა გადასახადი გადავიხადე?“ – ამბობს ტყეშელაშვილი.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ოტორინოლარინგოლოგი მიხეილ ჯაში კი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მსგავსი ცვლილებების განხორციელებას მიესალმება. ის ამბობს, რომ ბიუჯეტისთვის საყოველთაო ჯანდაცვის ტვირთი ძალიან დიდია და მისი მოდიფიკაცია დროული ნაბიჯია.

„ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიც გამოთავისუფლდება და დაეხმარება იმ ხალხს, ვისაც ნამდვილად არ აქვს საკუთარი ჯანდაცვის უზრუნველყოფის საშუალება. გაიზრდება საყოველთაო ჯანდაცვის სპექტრიც. მე მხოლოდ მივესალმები მსგავს ვცლილებას, რადგან ეს აუცილებელი იყო. ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, რომ ამხელა ხარჯს გაუძლოს ბიუჯეტმა.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …