საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნოემბერ-დეკემბრის ბიუჯეტი ცარიელია, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 9 თვეზე დაგეგმილი ბიუჯეტის გაზრდას გამოეხმაურა.
“გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 9 თვეზე დაგეგმილი ბიუჯეტი კიდევ ერთხელ, 419 მილიონ ლარამდე გაზარდა. სხვაგვარად, იგი უბრალოდ გადარიცხვებს ვეღარ განახორიელებდა.
თქვენ იკითხავთ, საიდან მოვიდა ეს დამატებითი ფული? _ მე-4 კვარტლის ასიგნებებიდან, სადაც ახლა მხოლოდ 51 მილიონი ლარი არის დარჩენილი, ანუ ერთი თვის (ოქტომბრის) ფული. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნოემბერ-დეკემბრის ბიუჯეტი კი ცარიელია.
კარგი, ბატონო, ვერ (ან არ) დახარჯა ნოდარ ჯავახიშვილმა ინფრასტრუქტურაზე გამოყოფილი თანხები და მას საყოველთაო ჯანდაცვაზე გადაისვრიან, ანუ გაიზრდება სოციალური ხარჯის წილი ბიუჯეტში, ანუ მოხდება ის, რაც არ უნდა მოხდეს, თუკი ლარის კურსი გვადარდებს. რა მოხდა მერეო, იტყვის სოციალისტი ანუ “ქოცი”, ამ დამატებითი ფულით ხომ ვიღაცას უმკურნალესო.
უდაოდ, მაგრამ იქნებ ისიც გავიაზროთ, როგორ “ეხმარება” ასეთი ხარჯვა ფასების ინფლაციას სამედიცინო სფეროში და როგორ უბრუნდება ეს ყოველივე უკან ბუმერანგივით ათასობით გაჭირვებულის ისედაც ცარიელ ჯიბეს. ზუსტად იგივეა, 2013 წელს დენში 1 თეთრით ნაკლებს რომ გვახდევინებდნენ და ახლა 6 თეთრით გაგვიძვირეს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.