მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის წილის განსაზღვრით შეივსოს
საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის წილის განსაზღვრა საშუალებას მისცემს მთავრობას წინასწარ განსაზღვროს რა შემოსავლით შეიძლება დაკმაყოფილდეს ჯანდაცვის ბიუჯეტი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის წილის განსაზღვრით შეივსოს

“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უნდა იყოს მიზნობრივ ჯგუფებზე გათვლილი და მათ ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, თავად უნდა დააფინანსონ საკუთარი ჯანმრთელობა” – ამ მოსაზრებას სრულად აბათილებს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანის ინიციატივა და უკვე შემუშავებული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახდში ჯანდაცვის წილის განსაზღვრას.

როგორც არჩილ მორჩილაძე ამბობს, ის ადამიანები, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვთ, უფრო მეტ წილს იხდიან ჯანდაცვის ბიუჯეტში, შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში საყოველთაობის პრონციპი მათზეც უნდა გავრცელდეს.

“უნდა განისაზღვროს ჯანდაცვის წილი საშემოსავლო გადასახაში, რაც თავისთავად საშუალებას მისცემს ბიუჯეტსაც უფრო კარგად დაინახოს რა შემოსავლით შეიძლება დაკმაყოფილდეს ჯანდაცვის ბიუჯეტი. შემდეგ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება თავისი გადასახადი მიმართოს კერძო სადაზღვევო სქემაში. ამით მოხდება სადაზღვევო ტვირთის სადაზღვევო კომპანიებზე გადანაწილება. ჩვენი საშემოსავლო გადასახადის მესამედ ნაწილს თუ დაერქმევა ჯანდაცვის გადასახადი, ეს იქნება ნაერთი, რომელიც შეავსებს ჯანდაცვის ბიუჯეტს”, – აცხადებს არჩილ მორჩილაძე.

კონცეფცია, რაზეც არჩილ მორჩილაძე საუბრობს, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნების დროს იყო ჩამოყალიბებული და მოიზარებდა გადასახადების დიფერეცირებას, რომ მათგან კონკრეტული წილი ჰქონოდა ჯანდაცვისკენ მიმართულ გარკვეულ პროცენტს. მინისტრი არ უარყოფს, რომ აღნიშნული კონცეფიცია განიხილება და შესაძლოა განხორციელედეს კიდეც.

“ამ წლების განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვატარებდით ეფექტურობის შეფასებას. ჩავთვალეთ საწყის წლებში, რომ ამის იმპლემენტაცია არ იქნებოდა სწორი. პირველ რიგში უნდა გვეზრუნა სამუშაო ადგილებზე და დასაქმებაზე, რადგან სხვა შემთხვევაში ნაკლები ეფექტი ექნებოდა ამას. თუმცა ეს კონცეფცია ძალაშია და თავის დროზე, როცა შეიქმნება ამის წინაპირობები, ის აუცილებლად განხორციელდება”, – აცახდებს ჯანდაცვის მინისტრი.

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ემხრობა მოსაზრებას, რომ საყოველთაობის პრინციპი კარგია, თუმცა ამბობს, რომ გააჩნია ვინ და როგორ დააფინანსებს მოქალაქეების ჯანდაცვას. სურგულაძის აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვის გარეშე სრულ კრახს განიცდის. მისივე თქმით, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება ქმედითი კონტროლი, ეს სისტემა ეფექტურად იმუშავებს. ხარჯების გადანაწილება სახელმწიფოს და კერძო სადაზღვევო კომპანიებს შორის კი მოგვცემს საშუალებას საბიუჯეტო დეფიციტი არ შეიქმნას. 

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელიც იზიარებს მოსაზრებას, რომ საბაზისო სერვისებზე უნივერსალური საყოველთაო წვდომა არის კარგი, მაგრამ ის არ უნდა იყოს მარტო ბიუჯეტის ხარჯზე და მასში სადაზღვევო კომპანიებიც უნდა ჩაერთონ.

როგორც დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რამდენიმე მოდელზე უკვე მიდის მუშაობა და პროგრამაში სადაზღვევო კომპანიების ჩართვა მნიშვნელოვანი სტიმული იქნება სადაზღვევო ურთიერთობების განვითარებისთვის. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი იქნება ჯანდაცვაზე დანახარჯებს მოწესრიგების კუთხითაც, რადგან გაიზრდება წინა გადახდის სქემებიდან გადახდილი ფულის რაოდენობა ჯანდაცვის სერვისებზე. შემცირდება ასევე ჯიბიდან გადახდები, რაც დღეს ჯანდაცვის სისტემის მთავარი ამოცანაა.

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის დაგეგმვა რომ პრობლემა იყო ეს კარგად გამოჩნდა გასულ წელსაც და მიმდინარე წლის მონაცემებითაც, სადაც ჩანს, რომ 2016 წლის პირველი 2 კვარტლის ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის გეგმა 21.3 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დაგეგმილზე მეტმა ხარჯმა განაპირობა.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთ-ერთ უპირატესობად სახელდება სწორედ საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის წილის განსაზღვრა, რაც კონცეფციის ავტორის თქმით, საშუალებას მისცემს მთავრობას წინასწარ განსაზღვროს რა შემოსავლით შეიძლება დაკმაყოფილდეს ჯანდაცვის ბიუჯეტი და ადგილი აღარ ჰქონდეს ზედმეტ დანახარჯებს.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …