საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ბარიატრიული (ჭარბი წონის სამკურნალო) ოპერაციების ამოღებამ დააზარალა არა მხოლოდ ის პაციენტები, რომლებსაც ამ ოპერაციის გაკეთების მატერიალური შესაძლებლობა არ აქვთ, არამედ სახელმწიფოც, რომელსაც ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული თანმდევი დაავადებების მკურნალობის დაფინანსება უწევს.
ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანიის 4Hospitals-ის კომერციულმა დირექტორმა გიგა კოხრეიძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბარიატრიულ ოპერაციებს ანუ ისეთ ქირურგიულ ჩარევებს, რომლებიც პაციენტებს ჭარბი წონის დროს ენიშნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2019 წლიდან აღარ აფინანსებს. ეს იყო ერთერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მაშინდელმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიიღო.
მაშინ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნული ოპერაციები ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად კეთდებოდა იმ დროს, როდესაც, მსოფლიო სტანდარტით, მსგავსი ქირურგიული ჩარევები დაშვებულია მხოლოდ მძიმე სიმსუქნის შემთხვევაში, როდესაც ოპერაციის სარგებლიანობა აღემატება რისკს.
„ასეთი ქირურგიული ჩარევები ჭარბად, ხშირ შემთხვევაში პირველი-მეორე ხარისხის სიმსუქნის შემთხვევებში კეთდებოდა, რაც კოსმეტიკურ და ესთეტიკურ მიზნებს ემსახურებოდა,“ – განაცხადა მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. ამასთან, მისივე განმარტებით, სახელმწიფოს უარი არ უთქვამს ასეთი ოპერაციების დაფინანსებაზე რეფერალური პროგრამის საშუალებით. ეს კი იმ შემთხვევებს ეხება, როცა ასეთი სახის ჩარევა სამედიცინო ჩვენებებითაა განპირობებული.
თუმცა გიგა კოხრეიძე ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ამ ოპერაციის ამოღება არ შეიძლებოდა და ეს არ იყო გამოსავალი, რადგან საუბარი არაა მხოლოდ ესთეტიკურ მხარეზე და ჭარბწონიანობას თან ახლავს რთული დაავადებები, ისეთები, როგორიცაა დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები და სხვა, რომელთა მკურნალობის დაფინანსება ისევ სახელმწიფოს უწევს.
ამასთან, კოხრეიძის თქმით, ამგვარი ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება შესაბამისი ჩვენების საფუძველზე, სწორად უნდა იყოს მიღებული. ის საკითხის სოციალურ და ფსიქოლოგიურ მხარესაც უსვამს ხაზს.
„ესაა პრობლემა, რომელსაც უდიდესი სოციალური, მორალური და ეკონომიკური გავლენა აქვს. ადამიანი ხდება ასოციალური და ჩაკეტილი. ვისაც ოპერაციის გაკეთების საშუალება არ აქვს, მათი თანმხლები დაავადებების მართვა სახელმწიფოს უწევს,“ – აღნიშნა გიგა კოხრეიძემ.