მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილი ცვლილებებით პაციენტებს მომსახურება შეეზღუდებათ
ცვლილებები ვერ მოაგვარებს პროგრამის ფინანსურ პრობლემებს,პირიქით, უფრო დაამძიმებს და რაც ყველაზე სავალალოა, კრიტიკულად გაუარესდება პაციენტების მომსახურება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილი ცვლილებებით პაციენტებს მომსახურება შეეზღუდებათ

დადგენილებაში შეტანილი ცვლილება ჯანდაცვის სამინისტროს მავნებლური კურსის გაგრძელება, – განაცხადა ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძემ.

2016 წლის 29 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება №147 „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ჩიხლაძის თმით, დადგენილების თანახმად იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის სარგებლობის ვაუჩერის/თანხმობის წერილის გაცემის დრო 30 – დან 60 კალენდარულ დღემდე, შესაბამისად, ასევე, 60 დღემდე იზრდება დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადა საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან.

”ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება მოსარგებლისთვის, ანუ პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების ლოდინის პერიოდი, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ასევე უსაშველოდ გაიწელება  კლინიკებისათვის გაწეულ სერვისებზე  ბიუჯეტიდან თანხების გადარიცხვის პერიოდი, რომელიც, სხვათა შორის, ისედაც იგვიანებდა როგორც წესი და დავალიანება კლინიკების და სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ათეულ მილიონს აჭარბებს”,

– აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ  ამავე დადგენილების მიხედვით, პაციენტს, ფაქტობრივად ერთმევა სამედიცინო დაწესებულების არჩევის ან შეცვლის კანონიერი უფლება.

ახალი დადგენილების მიხედვით, პაციენტის მკურნალობის მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება.  რასაკვირველია, ეს მნიშვნელოვნად გააუარესებს გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს და აბსოლუტურად კაბალურ მდგომარეობაში აგდებს პაციენტს, რომელმაც ხშირ შემთხვევაში არც კი იცის სასწრაფოს რომელ დაწესებულებაში მიყავს, განსაკუთრებით, თუ ის უგონო მდგომარეობაშია”,

– ამბობს ჩიხლაძე და დადგენილებაში შეტანილ კიდევ ერთ ცვლილებაზე საუბრობს, რომლის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვა აღარ დააფინანსებს განმეორებით ჰოსპიტალიზაციას თუ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდება იგივე დიაგნოზით 30 კალენდარული დღის განმავლობაში, რაზეც მან მანამდე იმკურნალა.

”დაზარალებული აღმოჩნდება, რასაკვირველია, პაციენტი, რადგანაც მას ჯიბიდან მოუწევს თანხის გადახდა ასეთ გაურკვეველ შემთხვევაში,  რადგან სახელმწიფო აღარ დაუფინანსებს მკურნალობას, კლინიკა უფასოდ არ უმკურნალებს, სანამ არ გაირკვევა მართლა არასწორი მკურნალობა იყო თუ არა განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი. ამის გარკვევას კი შეიძლება თვეები დასჭირდეს, პაციენტის სამკურნალოდ კი საათებსაც კი მნიშვნელობა აქვს”,

–  ამბობს ექსპერტი და  აღნიშნავს, რომ  კიდევ რამდენიმე ყოვლად გაუმართლებელი ცვლილებაა შესული ამ დადგენილებით, რომელიც ეწინააღმდეგება ბაზრისა და ფასწარმოქმნის  პრინციპებს და საბოლოო ჯამში დააზარალებს როგორც სერვისის პროვაიდერს, ასევე პაციენტს, პირველ რიგში.

”ზოგადად, აღნიშნული ცვლილებები არის ჯანდაცვაში იმ მავნებლური კურსის გაგრძელება, რომელსაც ეწევა მთავრობა და კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო.

ეს დადგენილება რეალურად ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის უკონტროლო ხარჯების შეკავებას და დაყოვნებას, ვიმეორებ შეკავებას, რადგანაც აღნიშნული ცვლილებები ვერ მოაგვარებს ამ პროგრამის ფინანსურ პრობლემებს და პირიქით, უფრო დაამძიმებს და რაც ყველაზე სავალალოა, კრიტიკულად გაუარესდება პაციენტების მომსახურება, მიწოდებული სერვისის ხარისხი, გაიზრდება ჯიბიდან გადახდის წილი, რომელიც ისედაც კატასტროფულად მაღალია და სერიოზული პრობლემები შეექმნება თვითონ სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს”, – აცხადებს ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში სერგო ჩიხლაძე.

ghn.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …