საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საფრთხე არ ემუქრება, მიუხედავად მეორე კვარტალში სადაზღვევო თანხის გადაჭარბებისა – აცხადებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, პროგრამა არათუ შეჩერდება, არამედ თუ საჭირო გახდა, მას ბიუჯეტიდან თანხები კიდევ მიემატება. ხუნდაძემ პროგნოზირებულ თანხაზე მეტი გადახარჯვის მიზეზებიც განმარტა.
„საყოველთაო დაზღვევის პროგრამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს არ არის საპიარო ან ერთჯერადი პროგრამა. სიმართლის მარცვალი იმ ინფორმაციაში, რომ თანხები იმაზე მეტი გაიხარჯა, ვიდრე კონკრეტული პერიოდისთვის იყო გათვლილი, სიმართლეა, მაგრამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. წინასწარ პროგნოზირებადი ბიუჯეტით, მიმდინარე წელს 137 მილიონი დაემატა, პირველ კვარტალში ზუსტად იმდენი გაიხარჯა, რამდენიც წინასწარი გათვლებით იყო პროგნოზირებული.
მეორე კვარტალში კი დანახარჯი იმაზე მეტია, ვიდრე კვარტალურად იყო გადანაწილებული. ეს განაპირობა იმან, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მესამე ნაწილი 2014 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა, მესამე ნაწილში პენსიონერები, 0-5 წლამდე ასაკის ბავშვები და სტუდენტები გაერთიანდნენ. მათ მანამდე კერძო სადაზღვევო კომპანიები ემსახურებოდათ. ისინი კომპანიებმა 6-თვიანი მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანეს, ხოლო მას შემდეგ, რაც გადმოვიდნენ, უკვე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მათ მოუწიათ დაგროვებული სერვისების ერთიანად მიწოდება.ყველაზე დიდი აქტივობა ამ კუთხით ოქტომბერ – ნოემბერ – დეკემბერში იყო, მაგრამ მათთვის თანხები მეორე კვარტალში გადაირიცხა. ამიტომაც მოხდა, რომ აპრილში პაციენტების რაოდენობამ იკლო, მაგრამ გასაცემმა თანხებმა მოიმატა, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. თუ თანხის დამატება იქნა საჭირო, არც ესაა პრობლემა. ბიუჯეტში ამის საშუალება არსებობს და საჭიროების შემთხვევაში თანხა დაემატება“-, აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძის განცხადებით, მიუხედავად ბიუჯეტის შესაძლო კორექტირებისა, თანხების შეკვეცა ჯანდაცვის სფეროს არ შეეხება.