გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საყოველთაობის პრინციპი უნდა შეიცვალოს ან შესწორდეს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მიზნობრივ ჯანდაცვაზე გადასვლის საკითხი არ განიხილება. მინისტრი აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ქვეყნის მოსახლეობის 100%-ის მოცვას გულისხმობს, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო დაზღვევით.
ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ “ბიზნესკონტაქტთან” ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი საუბრობს.
– ბატონო ზურაბ, როგორ მიგაჩნიათ საყოველთაობის პრინციპი უნდა შეიცვალოს, თუ უნდა შესწორდეს?
– დავით სერგეენკომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასეულობით თანამშრომელი პირდაპირ შეატოვა გაჭირვებულ მოსახლეობას და სამინისტროდან არანაირი მკაფიო ინსტრუქცია, არანაირი დახმარება არ მიდის რაიონულ განყოფილებებში საიმისოდ, რომ ამ ადამიანებს მკაფიო მეთოდოლოგიით სოციალური დახმარება აღუდგეთ და დაძაბული ფონი, რასაც ყოველდღიურად ვხვდებით გამგეობებში, ქალაქის მერიებში და სოციალური მომსახურების სააგენტოებში მოიხსნას. ეს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირდაპირი შედეგია, რომელმაც საქართველო გააღატაკა.
ყველა კვლევამ და განსაკუთრებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა, USAID-ის და მსოფლიო ბანკის მიერ ერთობლივად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში ღარიბებს შეძლებულებთან შედარებით მდგომარეობა გაუუარესდათ. განსაკუთრებით, როდესაც საქმე გაძვირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას ეხება. ამიტომ ბუნებრივია, რომ თავის მოწონება იმით, რომ ჯანდაცვაში ამდენი ფული იხარჯება არ კმარა, მაშინ როდესაც ადამიანები ღარიბდებიან მათ თვალწინ და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობაც უარესდება.
ამაზე საუბრობენ უცხოელი მოწვეული ექსპერტები, მაგრამ ამათ რაში სჭირდებოდათ უცხოელი ექსპერტების მოწვევა და ამაში ასი ათასობით დოლარის ყრა, როდესაც ჩვენ ამას პირველივე დღიდან აღვნიშნავთ, რომ მიზნობრივად განსაზღვრა აუცილებელია, ვის ეხმარება სახელმწიფო და ვის ვერ ეხმარება.
საქართველო მდიდარი და შეძლებული ქვეყანა რომ იყოს, ან ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ჯიბიდან თანხებს რომ დებდეს, ამის წინააღმდეგი ვინ იქნებოდა, მაგრამ ამას ძალიან მდიდარი ქვეყნები ვერ ახერხებენ და როგორ მოვახერხებდით ჩვენ.
ამიტომ, კვირიკაშვილის განცხადება მოულოდნელი არ არის. ეს განცხადება იმ უუნარობასა და არაკომპეტენტურობას ავლენს, რაც მთავრობაშია. როდესაც ორი მინისტრი – პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი ერთმანეთთან ელემენტარულ რაღაცაზე ვერ თანხმდება.
– მოსახლეობის დამოკიდებულებებში ჯერ ასე მკვეთრად არ არის ასახული ეს პრობლემები, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. მოსახლეობის კმაყოფილების დონე მეტნაკლებად მაღალია…
– გეთანხმებით. რაც პოზიტიურია უნდა აღვნიშნო ისაა, რომ ჯანდაცვაში მეტი ფული იხარჯება. ეს უდავოდ კარგია, მაგრამ ჩვენი კრიტიკა იმას კი არ ეხება რატომ იხარჯება ამდენი ფული, არამედ იმას ეს ფული ვიზე იხარჯება. ხშირად ექიმის უფასო კონსულტაცია ისეთ ადამიანს ეკუთვნის, რომელიც თავისი ჯიბიდან ამ კონსულტაციის თანხას ისედაც გადაიხდის. მაგრამ მეორე ადამიანს ათი ლარის წამალი ვერ უყიდია და დღეს მთელ საქართველოში გაიგონებთ ფრაზას: “რათ მინდა ექიმის უფასო კონსულტაცია, თუ მერე წამალს მაინც ვერ ვიყიდი.”
თუ ჩვენ სწორად არ განვსაზღვრეთ ეს ხარჯები როგორ იხარჯება, ყოველთვის დავდგებით იმ პრობლემის წინაშე, რის წინაშეც ახლა ჩვენ ვდგავართ. მინისტრი არ უნდა იმალებოდეს რაღაც ზოგადი განსაზღვრებების და ზოგადი საუბრის უკან, არამედ კონკრეტულად უნდა თქვას, თუ რას აპირებს. მან საპარლამენტო კომიტეტზე აღიარა, რომ თითქმის სამი წელია ეს პრობლემა დგას, მითუმეტეს ცნობილია, რომ არიან ადამიანები, ვისაც კერძო დაზღვევაც აქვს და საყოველთაო ჯანდაცვითაც სარგებლობენ. თითქმის სამი წელია ეს პრობლემა დგას.
– ხელმისაწვდომობა გაზრდილია?
– ღარიბ მოსახლეობაში, სოფლად ხელმისაწვდომობა შემცირებულია. ქალაქში გაზრდილია. თუ ჩვენ გვინდა, რომ ელემენტარულ რაღაცაში დავეხმაროთ სოფელს, ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას, მაშინ სხვა კრიტერიუმებია საჭირო. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებას შემდეგს ვთავაზობთ: ყველაზე გაჭირვებულ ადამიანს ჰქონდეს მაქსიმალური პაკეტი, რომელიც ასევე წამლებს მოიცავს.
რაც შეეხება შეძლებულ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი ჯიბიდანაც შეუძლიათ წამლების შეძენა და ამაზე პრემიერმინისტრიც საუბრობდა, სამწუხაროდ დაგვიანებულად, მან ეს პრობლემა აღიარა.
აქ სახელმწიფოს როლია ეს ადამიანები კატასტროფული ხარჯისგან დაიცვას, შეძლებული ადამიანები ან საკუთარი ჯიბიდან ხარჯავენ, ან კერძო სადაზღვევო უფინანსებს ჯანდაცვის ხარჯს, მაგრამ თუ ლიმიტები ამოეწურა და თავისი ჯიბიდან ვეღარ წვდება, მას რა თქმა უნდა, ბინის გაყიდვამ არ უნდა მოუწიოს, მაგრამ ყველას თანაბრად რომ ჰქონდეს ექიმთან უფასო კონსულტაცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ფულს ღარიბს ვაკლებთ და ამით ჯანდაცვის სიტემა უარესდება.