საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გეგმიური ოპერაციების ჩატარება კლინიკებში შეწყდა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, დადგენილება უკვე ხელმოწერილი და გამოცემულია.
„იცით, რომ მიმდინარეობს საწოლფონდის მობილიზება. მნიშვნელოვანია, რომ საწოლფონდის სრული რესურსი გადაერთოს კოვიდ-მართვაზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.
კოვიდპანდემიის გამო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ოპერაციების დაფინანსება გასულ პერიოდში ორჯერ იყო შეჩერებული.
კერძოდ, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე, მანამდე კი, 2020 წლის მარტიდან, 4 თვის განმავლობაში. გამონაკლისები იყო სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებები. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზეც ანალოგიური გამონაკლისები იმოქმედებს. როდემდე იმოქმედებს შეზღუდვები, ჯერჯერობით უცნობია. მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე ჯერჯერობით არ იძებნება.