მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „საყოველთაო ჯანდაცვაში“ ახალ მიმწოდებლად რეგისტრაციაზე მორატორიუმი გამოცხადდა

„საყოველთაო ჯანდაცვაში“ ახალ მიმწოდებლად რეგისტრაციაზე მორატორიუმი გამოცხადდა

„საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ახალ მიმწოდებლად რეგისტრაციაზე მორატორიუმი გამოცხადდა. აღნიშნული არ ეხება სტომატოლოგიურ მომსახურებას ზოგადი ანესთეზიით და  ასევე თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციას.

შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა.

იმავე დადგენილებით ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას უნდა  წარუდგინოს წინადადებები „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი დაწესებულებების მონაწილეობის ვადების, კრიტერიუმებისა და ვაუჩერის პირობების ადმინისტრირების გაუმჯობესების ღონისძიებების მიმართულებით საჭირო ცვლილებების თაობაზე.

მორატორიუმი აღნიშნული ღონისძიებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაგრძელდება, თუმცა არა უგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა.

ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაია მახარაშვილის თქმით, სავარაუდოა, რომ მორატორიუმის გამოცხადება უკავშირდებოდეს იმ ახალი სტანდარტების ამოქმედებას, რომელიც რეანიმაციის მიმართულებით სექტემბრიდან უნდა შევიდეს ძალაში, შემდეგ კი მას ქირურგიული სტანდარტების ამოქმედება მოჰყვება. შესაბამისად, შესაძლოა, ჯანდაცვის სამინისტრომ სწორედ ამ ვალდებულებების ამოქმედებამდე შეაჩერა ახალი მიმწოდებლების დამატება საყოველთაო ჯანდაცვაში, რადგან მათი შემოწმება მოგვიანებით ისევ მოუწევს. მაია მახარაშვილი არ გამორიცხავს, რომ მორატორიუმი სელექტიური კონტრაქტირების მოსალოდნელ ამოქმედებასაც უკავშირდებოდეს.

ცნობისთვის: რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები, 2023 წლის 1 სექტემბრამდე დააკმაყოფილოს.

სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკა რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.

გარდა ამისა, 2025 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს. საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის საერთაშორისო სტანდარტებზე.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …