მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვას შობადობის და გარდაცვალების სტატისტიკაზე გავლენა არ მოუხდენია
ერთის მხრივ, ჯანდაცვაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გაიზარდა, მეორეს მხრივ კი შობადობის მაჩვენებელი არ გაზრდილა,სიკვდილიანობის სტატისტიკა არ შემცირებულა.

საყოველთაო ჯანდაცვას შობადობის და გარდაცვალების სტატისტიკაზე გავლენა არ მოუხდენია

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან უკვე სამ წელზე მეტი გავიდა. ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს, რომ მოსახლეობა ამ პროგრამით კმაყოფილია და მას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევს.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ბოლო გამოკითხვის მიხედვითაც, ჯანდაცვა ერთადერთი სფეროა, რომელზეც  ხელმისაწვდომობა გაზრდილია.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა გავლენა მოახდინა აღნიშნულმა პროგრამამ ისეთ მაჩვენებლებზე, როგორიცაა სიკვდილიანობა და შობადობა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე „საყოველთაო ჯანდაცვაზე“ საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა, შობადობა კი გაიზარდა, მისი თქმით, ასევე შემცირდა 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

ოფიციალური სტატისტიკა სხვა მონაცემებს აჩვენებს: საქსტატის ინფორმაციით, გარდაცვალების მაჩვენებელი 2005 წლიდან მზარდი დინამიკით ხასიათდება. გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ბოლო წლებში  2015 წელს დაფიქსირდა: გასულ წელს 49 121 ადამიანი გარდაიცვალა, 2014 წელს ეს მონაცემი 49 087 ადამიანს შეადგენდა.

რაც შეეხება შობადობას, ამ შემთხვევაში თანმიმდევრული ზრდის ტენდენცია  არ ფიქსირდება. შობადობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ბოლო წლების განმავლობაში 2014 წელს დაფიქსირდა (16,3), თუმცა, 2015 წელს კვლავ კლებაა.

2013 წელს 58 878 ბავშვი დაიბადა, 2014 წელს  წელს კი 60 635. გასულ წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა და დაბადებულთა რაოდენობამ 59 249 ადამიანი შეადგინა. ბოლო 10 წლის განმავლობაში შობადობის კოეფიციენტი მცირედ ცვლილებებს განიცდიდა და ზოგიერთ წელს იზრდებოდა, ზოგიერთ წელს კი იკლებდა.

მესამე მაჩვენებელი, რაზეც დიმიტრი ხუნდაძე საუბრობდა, 0-დან 5-წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაა. სტატისტიკის მიხედვით, ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი მართლაც შემცირებულია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი წლიდან-წლამდე შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა.

კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს ამ ასაკის 605 გარდაცვლილია დაფიქსირებული, 2014 გარდაცვლილია 659 ადამიანი, 2013 წელს – 755 ადამიანი, 2012- 824 ადამიანი, 2011 წელს – 798 ადამიანი, 2010 – 797 ადამიანი, 2009 – 1 043 ადამიანი. 

აქედან გამომდინარე, მივიღეთ სურათი, როდესაც, ერთის მხრივ, ჯანდაცვაზე  მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გაიზარდა, მეორეს მხრივ კი შობადობის მაჩვენებელი არ გაზრდილა, ხოლო სიკვდილიანობის სტატისტიკა არ შემცირებულა. რით აიხსნება ასეთი ვითარება – ამის გარკვევას„კომერსანტი“ დამოუკიდებელ ექსპერტთან შეეცადა (დიმიტრი ხუნდაძემ მთელი დღის განმავლობაში ჩვენს ზარებს არ უპასუხა).

მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვას თავისი დადებითი ეფექტები აქვს, თუმცა, საეჭვოა რამდენად მოახდენდა გავლენას ის შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელზე ამ მოკლე პერიოდში  ანუ 2013 წლიდან დღემდე.

მედიცინის დოქტორი განმარტავს, რომ შობადობასა და სიკვდილიანობაზე ბევრი სხვა ფაქტორი ახდენს გავლენას და მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვა ამას ვერ შეცვლის.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროექტმა დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანი დაამატა პროგრამაში, რომლებიც მანამდე არ იყვნენ სისტემაში. ამან, შეიძლება, გაზარდოს ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლები, ფინანსური ხელმისაწვდომობა გაზარდოს, მაგრამ შობადობა უცებ არ მოიმატებს. ის დაკავშირებულია ბევრ სხვა ფაქტორთანაც, ოჯახურ მდგომარეობასთან, შემოსავლებთან და ა.შ. მშობიარობა უფასო გახდა და ამან გრძელვადიან პერიოდში შეიძლება გაზარდოს მაჩვენებელი, მაგრამ ამ მცირე მონაკვეთში, დაიწყო პროგრამა და უცებ გააჩინო ბავშვი, ასე არ ხდება“,- აცხადებს თამაზ ვერულავა.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, სპეციალისტი აცხადებს, რომ ამ მაჩვენებლის შესამცირებლად, უპირველესად,  პირველადი ჯანდაცვის ამუშავებაა საჭირო, რაც გულისხმობს სამედიცინო მეთვალყურეობას, პრევენციის პროგრამებს, პროფილაქტიკასა და დაავადებების ადრეულ გამოვლენას.

„შეიძლება, ამ პროგრამამ შეამციროს სიკვდილიანობა, მაგრამ ამ მცირე მონაკვეთში საეჭვოა, რომ ამან გავლენა მოახდინოს. საერთოდ, ამ მაჩვებლებზე ყველაზე მეტად მოქმედებს ჯანდაცვის სისტემური მიდგომა, ვგულისხმობ ორგანიზაციულ მოწყობას პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით.

სამედიცინო მეთვალყურეობა, პრევენციის პროგრამები, პროფილაქტიკის სისტემები, დაავადებების ადრე გამოვლენა – ეს ყველაფერი არის პირველადი ჯანდაცვა, რომელსაც დღეს საყოველთაო ჯანდაცვა არ ითვალისწინებს. საყოველთაო ჯანდაცვა მოიცავს გეგმიურ ოპერაციებს ან გადაუდებელ დახმარებას, მაგრამ არა პირველადი ჯანდაცვის საფეხურებს. თუ ადრე გამოვლინდა დაავადებები, სიკვდილიანობაც შემცირდება“,- აცხადებს თამაზ ვერულავა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხები თითოეულ მოსახლეზე ძალიან მცირეა, ამიტომ ეს თანხა სახელმწიფომ მიზნობრივად უნდა გამოიყენოს და იმ ადამიანებისკენ მიმართოს, ვისაც ნამდვილად სჭირდება. მედიცინის დოქტორი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ღარიბ მოსახლეობას მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ექნება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში სიკვდილიანობაც დაიკლებს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …