საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წელი შესრულდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში 3 მილიონზე მეტი ადამიანის მკურნალობა დაფინანსდა.
21 თებერვალს ძალაში შევიდა დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების შესახებ, რომელიც თავდაპირველად, გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებებს შეეხო. 2013 წლის 1-ლი ივნისიდან, პროგრამა უკვე გეგმურ მომსახურებებზეც (ონკოლოგიაზე) გავრცელდა.
ამ 10 წლის განმავლობაში – დაფინანსდა 10 700 000 სამედიცინო შემთხვევა, 3 035 000 პაციენტი და ჯამში, ამ პროგრამისთვის, 10 წლის განმავლობაში დაიხარჯა 6 მილიარდ 700 მილიონი ლარი.
2023 წელს, პროგრამის ბიუჯეტი, 60 მილიონი ლარით გაიზარდა და 880 მილიონ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება სერვისებს, დღეის მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა აერთიანებს შემდეგ სერვისებს:
- გეგმური ამბულატორიული მომსახურება
- გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება
- გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება
- გეგმური ქირურგიული მომსახურება
- კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგია
- ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია
- სხივური თერაპია
- მშობიარობა და საკეისრო კვეთა;
- პროგრამული მედიკამენტები ქრონიკული დაავადებების მართვისთვის;
- მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება;
- ინფექციური დაავადებების მართვა
- სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით (2022)
- გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა (2022)
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია (2022)
2022 წელს დაინერგა DRG დაფინანსების სისტემა, ამავე წელს მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა დეფიბრილატორებზე, აბლაციაზე; პროგრამას დაემატა რეაბილიტაციის სერვისი. გაიზარდა დაფინანსება ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის.