საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სასწრაფო დახმარების თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“გვსურს გამოვეხმაუროთ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა მოთხოვნებს.
ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, სადაც მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები იქნა მოსმენილი და გათვალისწინებული. უნდა აღინიშნოს, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება არ შემცირებულა, მათ მოეხსნათ მხოლოდ ის ფულადი დანამატი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გაიცემოდა გაზრდილი გამოძახებებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით. ხაზგასასმელია, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახებები კოვიდპანდემიის დადებითი დინამიკის ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისი და აპრილის თვის ფულად დანამატს ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ.
სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეუმცირდებათ სამუშაო საათები ისე, რომ არ დააკლდებათ ხელფასი (თვეში 192 საათიდან 156 საათამდე) რაც მათ პროდუქტიულობაზე და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახება. სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება 1200 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს. საშუალოდ, თვეში რეანიმატოლოგის სახელფასო ანაზღაურება 2000 ლარს, ექიმის 1700 ლარს, ექთნის 1300 ლარს, მძღოლის 1200 ლარს შეადგენს. მათი სამუშაო გრაფიკი მოიცავს 4 დღეში ერთხელ 24 საათიან მორიგეობას (თვეში საშუალოდ 7-ჯერ). აღსანიშნავია, რომ მათ ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეებს, წლის დასაწყისში 10 % -ით გაეზარდათ ხელფასები.
ასევე, მიმდინარეობს თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების პროცესი. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრის ავტოპარკისა და სამედიცინო აღჭურვილობის განახლება, არსებული ფილიალების რემონტი და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა. მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოხდეს უქმე დღეებთან დაკავშირებით დამატებითი ანაზღაურების გაცემა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა მზად არის განაგრძელეს თანამშრომლებთან შეხვედრები სამუშაო ფორმატში, რათა საქართველოს მოქალაქეთა და ცენტრის თანამშრომელთა საუკეთესო ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული,” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ხელფასების 100-პროცენტიან მატებას მოითხოვენ. ისინი პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წინ შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.
გარდა ამისა, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები აცხადებენ, უკვე ერთი თვეა, მოეხსნათ დანამატი, რომელსაც სახელმწიფო კოვიდპროგრამის გათვალისწინებით გასცემდა. მათივე თქმით, გამოძახებების სტატისტიკა არ შემცირებულა და დანამატის მოხსნა, უსამართლო გადაწყვეტილებაა.
სასწრაფოს თანამშრომლების განცხადებით, აქციის გამართვამდე მათ შეხვედრა ჰქონდათ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან, რომელთა მხრიდან მიიღეს დაპირება ღირსეული პირობების შექმნის შესახებ, თუმცა, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ფინანსური კუთხით არაფერი შეცვლილა.
„თბილისში თითო მორიგეობაზე ბრიგადის უფროსი ექიმის ხელფასი -180 ლარი, უმცროსი ექიმის – 140 ლარი, მძღოლის კი 105 ლარია. რეგიონებშიც იგივე ანაზღაურებაა. 50 პროცენტი იყო დანამატი. გავიგეთ, რომ აპრილის თვის დანამტი აღარ გაიცემოდა, რამაც პროტესტი გამოიწვია. 16 მაისს შედგა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. შეგვპირდნენ, რომ ერთ კვირაში მოგვეწოდებოდა დოკუმენტი, სადაც ექიმების ღირსეული ხელფასი იქნებოდა ასახული. 24 მაისს შეიკრიბნენ ცენტრის ადმინისტრაცია და დასაქმებულები. არანაირი ხელფასის მატებაზე საუბარი არ არის. გადაწყვიტეს, თორმეტსაათიანი გრაფიკები 24-საათიანი მორიგეობების მაგივრად, რაც განპირობებულია იმით, რომ თუ გამოძახებები არ იქნება, სავარაუდოდ აპირებენ ბრიგადების შემცირებას და ამის ხარჯზე ხელფასების გაზრდას, რაზეც ჩვენ კატეგორიულ უარზე ვართ. თორმეტსაათიანი გრაფიკი არაერთხელ იქნა შემოთავაზებული და ამ გრაფიკმა სასწრაფოში არ გაამართლა“, – განაცახდა სასწრაფოს ერთ-ერთმა ექიმმა.
სამედიცინო დახმარების თანამშრომლები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აპირებენ, რომ პერმანენტული აქციები გამართონ. მათ მორიგი აქცია სამშაბათს, 12:00 საათისთვის ჯანდაცვის სამინისტროსთან დააანონსეს.