სასტუმრო Tribu-ს აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ჭიღლაძე jandacva.ge-სთან აცხადებს, რომ ადმინისტრაციამ არსებული რეალობის გათვალისწინებით, 72 ნომრიანი სასტუმროს კოვიდ სტატუსით მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო.
მისი ინფორმაცით, სასტუმრო უკვე 2 კვირაა დამსვენებლების ნაცვლად, კოვიდინფიცირებულებს იღებს.
„ჩვენ შარშან საკარანტინე ცენტრადაც ვიმუშავეთ, წელს კი როგორც კი სახელმწიფოსგან შეთავაზება მივიღეთ, დაუფიქრებლად მივიღეთ გადაწყვეტილება კოვიდ სასტუმროდ გვემუშავა,“-აცხადებს ჭიღლაძე.
კითხვაზე, კომერციულად მომგებიანია თუ არა სასტუმროსთვის კოვიდ სტატუსით მუშაობა,ჭიღლაძე აცხადებს, რომ პირველ რიგში, ქვეყნის სამსახურშია კომპანია და შემდეგ – ინარჩუნებს თანამშრომლებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. საველე ჰოსპიტლების მოწყობა „დღეს არ განიხილება“ და უფრო მეტად მისაღები მოდელი სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენებაა.
„საველე პირობებზე დღეს, კონკრეტული საუბარი არ არის. თუკი დადგება ამის საჭიროება, რესურსი, სადაც დიდი სივრცეა, ესეც ცნობილია და შესაძლებელია მისი ადაპტირება და მისი გამოცდილებაც მსოფლიოში არსებობს. თუმცა, ჩვენთვის მაინც უფრო მეტად მისაღები მოდელი არის სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.