მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საქართველოში საავადმყოფოების რაოდენობა ევროპულ სტანდარტს 2,5-ჯერ აღემატება
სენაკსა და თელავში აშენდება 30-საწოლიანი ფსიქიატრიული საავადმყოფოები, რომლებსაც ექნება კრიზისული ინტერვენციის, რეაბილიტაციისა და ამბულატორიული განყოფილებები

საქართველოში საავადმყოფოების რაოდენობა ევროპულ სტანდარტს 2,5-ჯერ აღემატება

აფთიაქების და ექიმების სიჭარბესთან ერთად, ქვეყანაში საავადმყოფოების რაოდენობაც ჭარბია. კერძოდ,  „საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის“ თანახმად, 2012-დან 2021 წლამდე, საქართველოში 100 000 მოსახლეზე საავადმყოფოების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 4.9-დან 7.1-ს მიაღწია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 2,9-ს შეადგენს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მცირე რესურსის მქონე საავადმყოფოების მკვეთრ ზრდას ხელი შეუწყო არსებული რეგულაციების (მ.შ. „სანებართვო პირობების“) სიმარტივემ და ჯანდაცვის რესურსების ცენტრალიზებული დაგეგმვის მექანიზმის არარსებობამ.

„უკანასკნელ წლებში სამინისტრომ მნიშვნელოვნად გაამკაცრა სამედიცინო დაწესებულებების „ზოგადი“ სანებართვო პირობები. თუმცა კონკრეტული კლინიკური მიმართულებებისთვის „სანებართვო დანართების“ პირობების უმრავლესობა კვლავ მინიმალური რჩება.  2015-2017 წლებში სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით მოახდინა არსებული პერინატალური სერვისების საჭიროებების იდენტიფიცირება და დაგეგმვა. თუმცა სხვა კლინიკურ სფეროებში ჯანდაცვის სერვისების საჭიროებების დაგეგმვა ჯერ არ განხორციელებულა, რაც მეტად მნიშვნელოვანია სამედიცინო სერვისების საჭიროებებზე დაფუძნებული  დაგეგმვის უზრუნველსაყოფად,“ – აღნიშნულია სტრატეგიაში.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის ასოციაციის ინფორმაციით, სელექტიური კონტრაქტირება შესაძლოა, უკვე წელს ამოქმედდეს.

სელექტიური კონტრაქტირება საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა და პირველ ეტაპზე სამშობიაროებს შეეხო. მისი პრინციპი ასეთია: სელექტიური კონტრაქტირება ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კლინიკის ჩართვა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლინიკაში წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა და მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე (სერვისების სირთულის მიხედვით). პროგრამაში დარჩებიან მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდა, რადგან ამ ქალაქებში უკვე არსებობს 2 ან მეტი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება.  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სელექტიური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმებოდა, თუმცა ამ დრომდე ეს პრინციპი დამატებით მხოლოდ პირველად სამედიცინო დაწესებულებებს შეეხო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „ახალგამომცხვარი“ წვრილი კლინიკების ზრდა და მათი ჩართვა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში განაპირობებს სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გამოყოფილი ისედაც მწირი თანხების არაეფექტიან ხარჯვას, ზოგადად ჯანდაცვაზე  სახელმწიფო ხარჯების ზრდას და პროგრამით გათვალისწინებული ბიუჯეტის ათეულმილიონიან დეფიციტს.

„აღნიშნული პრობლემის გადაჭრისათვის, მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა შერჩევითი, ანუ სელექტიური კონტრაქტირების მექანიზმების დანერგვა, როგორც ხარჯთეფექტიანი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების ერთ-ერთი მექანიზმი. სელექტიური კონტრაქტირება არ ნიშნავს საავადმყოფოების დახურვას, არამედ საავადმყოფოების შერჩევას წინასწარ განსაზღვრული ხარისხის სტანდარტები,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …