საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი ისევ შემცირდა. თუ წინა კვირაში ეს მონაცემი 81% იყო, დღეს უკვე 75%-მდეა ჩამოსული.
მონაცემებს healthdata.org აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ მარტში პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში 43% იყო, რასაც სპეციალისტები საგანგაშოდ აფასებდნენ და მოსახლეობას ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებდნენ. რამდენიმე კვირაში ამ მონაცემმა 81%-ს გადააჭარბა, თუმცა ისევ შემცირება დაიწყო. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც, ეპიდემიოლოგების შეფასებით, აუცილებელია, პირბადე მოსახლების 95%-მა მაინც ატაროს, რომ მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდეს და ვირუსის გადაცემა შეფერხდეს.
დაბალია იმუნიზაციის მაჩვენებელი – ამ ეტაპზე საქართველოში 45344 პირია აცრილი. სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს ის, რომ რეგიონებში აცრებზე მიმართვიანობა დაბალია. ექსპერტების გათვლებით, ვაქცინაციის ამ ტემპით ქვეყანა სამიზნე მაჩვენებელს – მოსახლეობის 60%-ის აცრას, სამ წელიწადში მიაღწევს.