ქვეყანაში ეპიდსიტუაციის ყველა ინდიკატორი უარესდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გაზრდილია როგორც დღიური, ისევე 14-დღიანი და 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი, ასევე რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც 1,34-ს შეადგენს, რაც საგულისხმო მაჩვენებელია. გამყრელიძის თქმით, გვაქვს 17-მდე კლასტერული აფეთქება, რომელიც მართვადია, თუმცა, ესაა პირველი ნიშანი, რომ, თუ უსაფრთხოების ზომები არ იქნება დაცული, შეიძლება საყოველთაო გავრცელება დაიწყოს.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში აცრის საშუალო დღიური მაჩვენებელი 1200-ია, მანამდე კი 1400 და 1500 იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, თუ დღიურად 3-დან 4 ათასამდე ადამიანი აიცრება, აპრილსა და მაისში ქვეყანას 250-300 ათასამდე ერთჯერადად აცრილი და 50 ათასი ორჯერადად აცრილი მოქალაქე ეყოლება. ამირან გამყრელიძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ აცრის ამ მაჩვენებელზე გავიდეთ. რაც შეეხება მასობრივ იმუნიზაციას, გამყრელიძის თქმით, ის, დიდი ალბათობით, ივლისში დაიწყება. ამისთვის კი აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს სულ მცირე ნახევარი მილიონი დოზა.
რაც შეეხება იმუნიზაციის გართულებებს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 7 მძიმე იყო.
„ჩვენთან არის იმუნიზაციის შემდგომი გართულებების და გვერდითი მოვლენების აღნუსხვის შესაბამისი კომიტეტი, დადგენილია შესაბამისი ფორმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მიერ ივსება, თუ ასეთი გვერდითი მოვლენა გამოვლინდება. ამ დროისთვის ასეთი გვერდითი მოვლენა ოფიციალურად აღნუსხულია 34, იქედან 7 უფრო მძიმე იყო დანარჩენი ნაკლებად მძიმე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს, დილის მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 20 622 ადამიანი. გუშინ 928 პირი აიცრა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აცრის საშუალო მაჩვენებელი 1200-ის ფარგლებშია.