საქართველოში წელს, შესაძლოა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ისეთი ვაქცინების დანერგვა დაიწყოს, რომლებიც არა ინექციის საშუალებით, არამედ ცხვირის წვეთებისა და კანქვეშ შესაყვანი მედიკამენტის სახით გამოიყენება.
ამის შესახებ საუბარია კოვიდ-ვაქცინაციის განახლებულ ეროვნულ გეგმაში. დოკუმენტში ცვლილებები საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა. გეგმაში მოცემულია პერსპექტიული ვაქცინის კანდიდატები, რომელთა დანერგვის განხილვა შესაძლებელია ჯანმოს ავტორიზაციის შემთხვევაში.
პერსპექტიულ ვაქცინებს შორის სახელდება ინტრანაზალური (ცხვირში ჩასაწვეთებელი) და ინტრადერმალური (კანქვეშ შესაყვანი) ვაქცინები, რომელთა 2 კანდიდატი – DelNS1-2019-nCoV და nCov – იმყოფება კლინიკური კვლევის მე-3 ფაზაში და 7 კანდიდატი -პირველ ან მეორე ფაზაში.
ასეთი პრეპარატების დანერგვის მიზანშეწონილობა დოკუმენტში ასეა ახსნილი:
„ამ ვაქცინების ადმინისტრირების წესი (არა საინექციო) შესაძლოა უფრო მისაღები აღმოჩნდეს COVID-19 ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად ან საწინააღმდეგოდ განწყობილი მოქალაქეების ნაწილისათვის. ამ პერსპექტიული ვაქცინების და კანდიდატების საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციისთვის დანერგვის საკითხის და ვადების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ომიკრონის და მომავალში ვირუსის შესაძლო ახალი ვარიანტების მიმართ მათი მაღალი ეფექტურობის დადასტურების და ამ ვაქცინების მიმართ მოსახლეობის მიმღებლობის შესწავლის შედეგად.“
ამასთან, გეგმის თანახმად, აქცენტი წელსაც „პფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებაზე გაკეთდება, კერძოდ – მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურების და პირველ ყოვლისა, ბუსტერული დოზებისათვის. ამასთან, განიხილება უშუალოდ „ომიკრონზე“ გათვლილი პრეპარატის შემოტანაზე.
„ქვეყნის მთავრობა მუდმივ კომუნიკაციაში იქნება მწარმოებელთან, რათა მოხდეს უმოკლეს შესაძლებელ ვადაში ასევე ომიკრონზე „დამიზნებული“ პფაიზერის ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში ოპტიმალური რაოდენობით მაღალი რისკის პრიორიტეტული ჯგუფებისათვის, იმ შემთხვევაში თუ კი ამჟამად მიმდინარე კლინიკური კვლევის შედეგები დაადასტურებს ვაქცინის ამ ვარიანტის შედარებით უფრო მაღალ ეფექტურობას, განსაკუთრებით ომიკრონით სიმპტომური ინფექციის პრევენციის კუთხით,“ -ნათქვამია ვაქცინაციის განახლებულ ეროვნულ გეგმაში.
jandacva.ge