საქართველოში ორჯერადად აცრილი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დღეს ტელეიმედის ეთერში საუბრისას, ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტმა ლია გოლიაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი 60 წელს გადაცილებული მამაკაცი იყო, რომელსაც თანმდევი დაავადებები ჰქონდა და ახლო წარსულში კარდიოქირურგიული ოპერაცია ჰქონდა გადატანილი. გოლიაძის თქმით, მათ კლინიკაში ასევე იყო ორი შემთხვევა, როდესაც ორჯერადად აცრილი პაციენტების ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ისინი აპარატიდან მოიხსნენ და გამოჯანმრთელდნენ.
გოლიაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ როგორც “ფაიზერის”, ასევე “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრილი პაციენტების ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არის, აცრა მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსით გარდაცვალების რისკს.
ამასთან, მედიკოსის განცხადებით, ის სტატისტიკა, რომელიც საქართველოს აქვს – ყოველდღიურად 1000 ინფიცირებულზე საშუალოდ 20 გარდაცვლილი, პირველ რიგში, მოსახლეობის მხრიდან უსაფრთხოების ზომების დაუცველობის შედეგია, კერძოდ, მოქალაქეების ნაწილი საჯარო სივრცეებში არ ატარებს ნიღაბს და
არ იცავს დისტანციას.
გოლიაძის თქმით, მიუხედავად ამდენი გარდაცვალებისა და იმისა, რომ თითქმის არ არის ადამიანი, რომელსაც კოვიდით ახლობელი, ნათესავი ან მეგობარი არ დაეღუპა, მოქალაქეები არ იქცევიან ისე, როგორც უნდა იქცეოდნენ. ინფექციონისტი ყურადღებას ასევე ამახვილებს ვირუსის შედარებით საყურადღებო მიმდინარეობის ტენდენციაზე ბავშვებში, რაც ადრე არ ფიქსირდებოდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს საქართველოში 16 ადამიანი ემსხვერპლა. მასობრივი იმუნიზაციის ერთი კვორის თავზე კი, დაგეგმილი 20-25 ათსის ნაცვლად, ბოლო ერთ დღეში მხოლოდ 1019 ადამიანი აიცრა. ა