დღეს კორონავირუსის შემთხვევების კლება დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 450-ია, რაც ჩატარებული ტესტების 1,93% -ს შეადგენს. ბოლო დღეებში დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს აღემატებოდა. სტაციონარებში 1463 ადამიანი მკურნალობს. გარდაიცვალა 8 პაციენტი. რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპებს, ბოლო ერთ დღეში 98 მედიკოსი აიცრა, რაც გუშინდელთან (107) შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, მისი კოლეგების დაბალი აქტივობა „გასაკვირია“ და იმედს გამოთქვამს, რომ მოსახლეობა, პირველ რიგში კი მედიკოსები, გაითავისებენ ვაქცინაციის მნიშვნელობას.
შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველო „ფაიზერის“ 15 ათასი ადამიანისთვის განკუთვნილ დოზა ვაქცინას ელოდება. ხვალიდანვე აცრაზე დარეგისტრირება 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს შეეძლებათ. ამირან გამყრელიძის თქმით, თუ აქტივობა ისევ დაბალი იქნება, ვაქცინაცია უფრო დაბალი ასაკის მოქალაქეებისთვისაც „გაიხსნება.“