დღეს საქართველოში კოვიდ 19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 501297 შეადგინა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დადასტურებულ შემთხვევებს შორის არის ერთი და იგივე პაციენტის ორჯერ ინფიცირების შემთხვევები. როგორც სპეციალისტები ამბობენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთი დადასტურებული შემთხვევის უკან ორი არადიაგნოსტირებული (უსიმპტომო) შემთხვევაა. შესაბამისად, ქვეყანაში კოვიდ 19 მოსახლეობის 40%-ს აქვს გადატანილი.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, მიმდინარე წლის ივნისის კვლევის თანახმად, თბილისში ერთ დადასტურებულ შემთხვევაზე ორი დაუდასტურებელი კოვიდინფიცირების შემთხვევა მოდიოდა.
შესაბამისად, იმ დროის მონაცემებით, სულ თბილისის მასშტაბით კოვიდი გადატანილი ჰქონდა მოსახლეობის 33%-ს – 350 ათას ადამიანს.
თენგიზ ცერცვაძის ვარაუდით, დაახლოებით ასეთი პროპორციებია ქვეყნის მასშტაბითაც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, ქვეყანაში მილიონ 600 ათასი ადამიანი მაინც უნდა აიცრას, რათა მცირე ცვლილება შევიტანოთ საქართველოში კოვიდის გავრცელებაში.
„მოსახლეობის 30-40 პროცენტის მოავადების შემთხვევაში დაავადების გავრცელების ინტენსივობა, როგოც წესი, იკლებს მანამ, სანამ არ დაგროვდება იმუნური ფენა, ან არ გაუქრება იმუნიტეტი მათ, ვინც გადაიტანა ვირუსი, ან არ ჩამოყალიბდება ადამიანების ნაკადი, რომლებსაც არ აქვთ იმუნიტეტი, მაშინ პროცესი თავიდან იწყება. ანუ ეს არის დაუმთავრებელი პროცესი, სანამ დაავადება ვაქცინით მართული არ იქნება. სწორედ ეს განსხვავება იქნება ვაქცინამდე და ვაქცინის შემდგომ ეპოქას შორის. არ უნდა დაგვიგროვდეს არაიმუნური ადამიანების ის კრიტიკული მასა, რომელიც ქვეყნის შიგნით დაავადების სწრაფ და უამრთავ გავრცელებას მოგვცემს,“- აცხადებს ზახაშვილი.
მისი თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტები შეიქმნა და შეიქმნება მომავალშიც, თუმცა არსებული ვაქცინები ყველა ვარიანტის მიმართ ეფექტურია, შეიძლება ეფექტიანობა რამდენადმე მერყევი იყოს, მაგრამ ყველა ვაქცინა იძლევა საიმედო დაცვას კოვიდის მძიმე ფორმებისგან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში ვაქცინაციის მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და დღიურად ჩატარებული აცრების რაოდენობამ 26 ათასს გადააჭარბა.