კორონავირუსის იმ შემთხვევებს შორის, რაც ამ ეტაპზე ქვეყანაში ცირკულირებს, ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი 20%-ზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე აღნიშნული შტამის 80-ზე მეტი შემთხვევაა იდენტიფიცირებული, თუმცა არსებობს შეფასებითი მაჩვენებელი და სწორედ ამ მაჩვენებლის თანახმად, ეს შტამი გაცილებით ფართოდაა გავრცელებული და არსებული ინფიცირების მეხუთედს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ეს შტამი მაღალი გავრცელებით ხასიათდება.
ამირან გამყრელიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქვეყანაში ახალი კლასტერები იქმნება და საყოველთაო შიდა გავრცელებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება. მისივე თქმით, ამჟამად რეგიონებში – გურიაში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და იმერეთში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული და ყველა მათგანი დიდი თავყრილობებიდან – ქორწილებიდან, ქელეხებიდან, იუბილეების სუფრებიდანაა წამოსული.
ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ მრავალრიცხოვანი შეკრებებისგან და დაბადების დღეები თუ ქორწილები მოკრძალებულად, ოჯახურ წრეში აღნიშნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი განცხადებით, ეპიდსიტუაციის გაუარესებას და როგორც შედეგს, ადამიანური მსხვერპლის ზრდას ქვეყანა თავიდან ვერ აირიდებს.