კოვიდ-19 ეროვნული უსაფრთხოების თემაა და შეცდომა იყო, რომ ის ამ კატეგორიის პრობლემად თავიდანვე არ იქნა აღიარებული. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში არ ჩატარებულა სათანადო მასშტაბის, მოცულობის და ხარისხის სტრატეგიული კომუნიკაციის კამპანია.
„კამპანია უნდა ყოფილიყო ეტაპობრივი – როცა ვაქცინა არ იყო, სხვა ტიპის კამპანია უნდა ყოფილიყო, როცა დაიწყო ვაქცინაცია – სხვაგვარი. თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკური და სხვა მოსაზრებები გაცილებით მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ყველა ნაწილისთვის და ინსტიტუტისთვის, პირველ რიგში კი ხელისუფლებისთვის. პასუხისმგებელი ყოველთვის ხელისუფლებაა. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სხვა კონიუნქტურა, ვიდრე ის, რომ აბსოლუტურად ყველა რესურსი მიგვემართა ადამიანების ინფორმირებულობისკენ, ყველა კითხვაზე პასუხის მიწოდებისკენ იმ წყაროსგან, რომელსაც ადამიანი ენდობა. ეს უნდა ყოფილიყო ადამიანისთვის გასაგებ ენაზე არა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობისთვის, არამედ – ტერმინოლოგიურად გასაგებ ენაზე. მოხდა ის, რომ ჩვენ ეს ვერ შევძელით – სახელმწიფომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, საიდანაც ასევე დამაბნეველი და ხშირ შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილები მიდიოდა. რაც ყველაზე მეტად დასანანი და ცუდია, რომ რაღაც მოსაზრებების გამო, რომ საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინათ, აბსოლუტურად დამაბნეველ და პირდაპირ ვიტყვი – მავნებლურ გზავნილებს აგზავნიდა სამედიცინო სფეროს ზოგიერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ამან გამოიწვია ის, რომ ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც როგორც წესი არ რჩება შეუვსებელი, შეივსო დეზინფორმაციით, ინფოდემიით, რაც სდევს პანდემიას და ეპიდემიას, განსაკუთრებით ვაქცინაციასთან მიმართებაში. ათასი ჯურის მჩხიბავები, ფილოსოფოსები, ყველანაირი კატეგორიის ადამიანები, გარდა სპეციალისტებისა, აღმოჩნდნენ ამ ინფორმაციის გავრცელების ძირითადი წყარო. ამიტომ რეალურად დღეს გვჭირდება ადამიანების არა დარწმუნება, რომ აიცრან, არამედ გადარწმუნება, რომ აცრა ერთადერთი გზაა, რომ თავი დავიცვათ მითუმეტეს ომიკრონის შემთხვევაში,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.