მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » სამედიცინო მომსახურების ხარისხით მშობლების თითქმის 90% კმაყოფილია – “იუნისეფის” და საქსტატის კვლევა

სამედიცინო მომსახურების ხარისხით მშობლების თითქმის 90% კმაყოფილია – “იუნისეფის” და საქსტატის კვლევა

ბავშვის მიერ მიღებული სამედიცინო მომსახურების ხარისხით რესპონდენტების კმაყოფილება მაღალია.

ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში „ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში – 2023“, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.

იმ ბავშვების შემთხვევაში, ვინც მიიღო რამე სახის სამედიცინო მომსახურება, მშობლების ან ოჯახის წევრების 77.4% მიღებული მომსახურებით კმაყოფილი, ხოლო 11.5% ძალიან კმაყოფილია. მცირეა ბავშვების წილი, ვისი მშობელიც/ოჯახის წევრიც მიღებული სამედიცინო მომსახურების ხარისხით უკმაყოფილო ან ძალიან უკმაყოფილოა და ის შეადგენს 1.2 პროცენტს.

ამასთან, იგივე კვლევით, 12 თვეში ბავშვების 12 პროცენტს არ შეეძლო რამე სახის საჭირო სამედიცინო მომსახურების სრულად ან ნაწილობრივ მიღება. ამ მხრივ განსხვავებები ქალაქისა და სოფლის მიხედვით მცირეა.

ყველაზე ხშირად ნახსენები მომსახურებები, რომელიც ბავშვებმა ვერ მიიღეს, იყო: სპეციალისტთან კონსულტაცია (59.3%), ლაბორატორიული გამოკვლევები (24.5%) და სტომატოლოგიური მომსახურება (14.9%).

ყველაზე ხშირად დასახელებული მიზეზები, თუ რატომ ვერ მიიღო ბავშვმა საჭირო სამედიცინო მომსახურება, იყო ის, რომ დაზღვევა არ ფარავს (66.4%), ან დაზღვევა ფარავს ნაწილობრივ და ოჯახს არ შეუძლია დარჩენილი თანხის გადახდა (15.8%). სამედიცინო მომსახურების მისაღებად გეოგრაფიული ბარიერები ძალიან იშვიათად დაფიქსირდა (1.1%). ბავშვები ასევე შეიძლება არ იღებდნენ საჭირო პროფესიულ მომსახურებას, თუ მათი ოჯახის წევრები თვლიან, რომ ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია (8.2%), ან თუ თავად გადაწვყეტენ ბავშვის მკურნალობას (5.2%).

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …