ინტერვიუ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ლადო შელიასთან
– როდის და რა მიზნით შეიქმნა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და რომელი კლინიკები არის მისი მართვის ქვეშ?
– ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი” 2020 წლის თებერვალში შეიქმნა და დღემდე მართავს ქვეყნის რამდენიმე მსხვილ სამედიცინო დაწესებულებას, მათ შორისაა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ასევე რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო; თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო; უნივერსალური სამედიცინო ცენტრი – ყოფილი ონკოლოგიური, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც თავის მხრივ 19 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს. ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო; ჰოლდინგი მართავს ცენტრალურ ონლაინკლინიკა 1522-ს და სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამას.
ზოგადად, როგორც ყველა ქვეყნისთვის, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს გააჩნდეს საკუთარი მძლავრი სამედიცინო რესურსები. წლების განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციის პროცესების შედეგად, საქართველოს მთლიანი საწოლფონდი კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის 85%-15% პროპორციით განაწილდა, რაც წინააღმდეგობაშია ევროპის ქვეყნების გამოცდილებასთან. ამიტომაც გადაიდგა ნაბიჯი სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების მიმართულებით და შეიქმნა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, რომლის მიზანიც შესაბამისად განისაზღვრა.
– რატომ არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ბაზაზე არსებული კლინიკების ერთიანი მართვა?
– სახელმწიფოს ბაზაზე არსებული კლინიკების ერთ ჰოლდინგში გაერთიანების იდეა თავიდანვე ითვალისწინებდა ამ კლინიკების მართვის გაუმჯობესებას, მათ გაძლიერებას სამედიცინო აღჭურვილობის განახლებისა და კლინიკებში დასაქმებული პერსონალის პროფესიული გადამზადების გზით, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას მოქალაქეებისთვის.
სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაა, თუმცა ამ ეტაპზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, სახელმწიფო კლინიკებს უჭირთ ხოლმე კონკურენცია გაუწიონ კერძო, მაღალმომგებიან კლინიკებს, სადაც სამედიცინო აპარატურა და ჰოსპიტალური გარემო ბევრად კეთილმოწყობილია. ჰოლდინგის დაქვემდებარებაში არსებული კლინიკების ნაწილში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები, თუმცა რეაბილიტაციის საჭიროება კლინიკების ნაწილში ისევ დგას. გარდა კლინიკის ინფრასტრუქტურისა, უმნიშვნელოვანესი საკითხია სამედიცინო აპარატურა და აჭღურვილობა, ამ მიზნით ჰოლდინგს უკვე დაწყებული აქვს კლინიკების სათანადო აპარატურით მომარაგება; მათ შორისაა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკები და ამბულატორიები, რომელთა გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია რეგიონებში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება ერთიანი მართვის სარგებელს – ასეთი მიდგომა, პირველ რიგში, აძლიერებს სახელმწიფო მართვაში არსებულ ჰოსპიტალურ ქსელს, მეტად ხარჯეფექტურია, ითვალისწინებს სახელმწიფო კლინიკების პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას და შრომის ანაზღაურების სტანდარტიზებას, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის დანერგვას და ა.შ. რაც, საბოლოო ჯამში, აისახება პაციენტისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე.
– საქართველოში წლების განმავლობაში დამკვიდრებული იყო მიდგომა და ეს დამოკიდებულება ახლაც არსებობს, რომ კერძო ნიშნავს უკეთეს ხარისხს, მათ შორის სამედიცინო სექტორში
– ბევრი ფაქტორი არსებობს ამ არგუმენტის საპირისპიროდ. სახელმწიფოს ბაზაზე მძლავრი ჰოსპიტალური სერვისის არსებობა მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე თავად სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო მართვის ფარგლებში შესაძლებელია უკეთ დაკმაყოფილდეს სამედიცინო მომსახურების ხარისის განმსაზღვრელი ეროვნული სტანდარტები, რომელიც დადგენილია თავად სახელმწიფოს მიერ. არ არის ორიენტირებული ფინანსურ მოგებაზე და მომსახურების ფასები მაქსიმალურადაა მიახლოებული ფაქტობრივ ღირებულებასთან. ეს კი ჯანდაცვას ბევრად ხელმისაწვდომს ხდის მოქალაქისთვის და მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელმწიფოსთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყაროა.
დაწესებულების შემოსავალი გამოიყენება თავად დაწესებულების და მისი პერსონალის განვითარებისთვის, ტექნოლოგიების განახლებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. შრომის ანაზღაურება, მისი დროულად მიღება, განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი, კარიერული განვითარება და სხვა აქტუალური შრომითი საკითხები სახელმწიფო მართვის ფარგლებში მკაფიოდაა განსაზღვრული. სახელმწიფო სექტორი უფროა ორიენტირებული მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო მომსახურებაზე. სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, ორსულები, ბავშვები, დაბალშემოსავლიანი ჯგუფები იღებენ გარანტირებულ ხელმისაწვდომობას.
სახელმწიფო კლინიკები ძირითადად მრავალპროფილური მომსახურების მიმწოდებელია და მომსახურების დიდი მოცულობით მიწოდების შესაძლებლობა აქვს. ეს კი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, როდესაც საჭიროა პაციენტების დიდი ნაკადების მართვა, მაგალითად ეპიდემიების, პანდემიების, სტიქიური მოვლენების თუ სხვა საგანგებო მდგომარეობების დროს, რაც დაადასტურა COVID-პანდემიამ.
2020 წლიდან დღემდე ჰოლდინგი იყო ძალიან აქტიურად ჩართული პანდემიის მართვაში: ყველაზე მსხვილი სახელმწიფო კლინიკა – რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დაწყებისთანავე პირველი იყო, რომელიც კოვიდმიმღებად გადაკეთდა. კლინიკის ნაწილს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და 2021 წლის იანვარში სახელმწიფო დაფინანსებით, გაიხსნა რამდენიმე ასეულ პაციენტზე გათვლილი ახალი, უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი კოვიდგანყოფილება. ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასვლამდე კლინიკამ მართა ათასობით პაციენტი, იყო ერთერთი ყველაზე მსხვილი ვაქცინაციის ცენტრი. მსგავსი ფუნქცია ჰქონდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით რუხის კლინიკას, აჭარაში- ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს და ა.შ. სამედიცინო ჰოლდინგი მართავდა კლინიკურ სასტუმროებს, საკარანტინე სივრცეებს და, რაც მთავარია, ცენტრალურ ონლაინკლინიკას, რომელიც იყო ერთერთი მთავარი რგოლი პაციენტების დისტანციურ მართვაში. აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციის პროცესში და ჯამურად, ჰოლდინგის ფარგლებში მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.
– ერთერთი პრობლემური თემა რეგიონები და სოფლის ექიმის პროგრამაა. რამდენიმე დღის წინ, ერთერთი კარდიოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გულის დაავადებების დიაგნოსტირება რეგიონებში პრობლემურია, რის გამოც ამ დაავადებების გართულებების შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ რეგიონებზე მოდის. რას აკეთებს ჰოლდინგი ამ ხარვეზის გამოსასწორებლად?
– სამედიცინო ჰოლდინგის მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული. რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის სერვისების მნიშვნელოვანი მოცულობის მიწოდება ხორციელდება სოფლის ექიმების მიერ. სოფლის ექიმების საქმიანობა მოიცავს საჭიროების შესაბამისად როგორც პაციენტის ბინაზე ვიზიტს, ასევე ამბულატორიაში საქმიანობას. ამჟამად სოფლის ექიმის პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია 1298 ექიმი და 1556 ექთანი. ამბულატორიების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით შეადგენს 1010-ს. გრძელდება ამბულატორიების აღჭურვა-რეაბილიტაციის პროცესი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფას და სერვისების გაზრდას. სოფლის ექიმებისთვის შეიქმნება ღირსეული შრომითი გარემო და მოსახლეობაში გაჩნდება მოტივაცია, ადრეულ ეტაპზევე იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
იმისთვის, რომ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას მიუწვდებოდეს ხელი სრულფასოვან სერვისებზე, სამედიცინო ჰოლდინგის ჩართულობით დაიწყო სოფლის ამბულატორიებში ტელემედიცინის კომპონენტის ამოქმედება. პირველ ეტაპზე სწორედ კარდიოლოგიური მიმართულება გავააქტიურეთ. ტელემედიცინის პორტატული აპარატი შესაძლებლობას იძლევა, ამბულატორიაში მისულმა პაციენტმა იქვე ჩაიტაროს კარდიოლოგიური გამოკვლევა; პროცესს დისტანციურად, ონლაინ-რეჟიმში მართავს ექიმი-კარდიოლოგი თბილისიდან, რესპუბლიკური საავადმყოფოდან. პაციენტს უტარებს დიაგნოსტიკას, კონსულტაციას და დანიშნულებასაც დისტანციურად გასცემს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გულის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის კუთხით.
ცალკეულ რეგიონში პრობლემური იყო ხელმისაწვდომობა ისეთ მნიშვნელოვან სერვისზე, როგორიცაა დიალიზი. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე თვის წინ დააანონსა, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის შვიდ რეგიონში ამოქმედდებოდა დიალიზის კაბინეტები. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო სამედიცინო ჰოლდინგი. 2022 წელს დიალიზის კაბინეტები გაიხსნა მესტიასა და ამბროლაურში; შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებსაც სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისის მისაღებად ასობით კილომეტრის მოშორებით უწევდა წასვლა, ამ მომსახურებას ადგილზევე იღებენ. დიალიზის კაბინეტები „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულებებში მოეწყო, უახლოეს თვეებში ამ სერვისის გამართვა იგეგმება თიანეთში, ყაზბეგსა და ლანჩხუთშიც.
– ამ მიზნების და ამოცანების განხორციელებას, პირველ რიგში, სჭირდება ფინანსები. კერძო სექტორთან შედარებით რა ფინანსური შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო სექტორს?
– ზოგადად, სახელმწიფო კლინიკების სიძლიერე ახდენს სამედიცინო სექტორის მონოპოლიზების პრევენციას. ქმნის ჯანსაღ კონკურენტუნარიან გარემოს, სადაც პროცესების მოკარნახე აღარ არის ერთმნიშვნელოვნად კერძო სექტორი. ფინანსების კუთხით უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო რესურსი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტიდან ჯანდაცვის უწყების დაფინანსება, კერძოდ, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება; სამედიცინო ჰოლდინგის შემთხვევაში გაზრდილი დაფინანსება სოფლის ამბულატორიების რებილიტაციას მოხმარდება.
გარდა ადგილობრივი რესურსებისა, სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია-აღჭურვის, ასევე პერსონალის განვითარების და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება. ამის მაგალითია ისევ პანდემიის პერიოდი, როდესაც პარტნიორი ორგანიზაციების და ქვეყნების მიერ მოწოდებული აღჭურვილობა გადაეცათ დაწესებულებებს და ამით ხელი შეეწყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების უწყვეტად მიწოდებას.
jandacva.ge