„სახელმწიფომ გარკვეული რისკების ფასად გადაწყვიტა წინა პლანზე ადამიანების სიცოცხლე წამოწიოს“-ჯანდაცვის სიტემაში დაანონსებულ რეფორმის ახალ ფაზას, რაც ჯანდაცვის პირველადი რგოლის მუშაობის გაუმჯობესებას გულისხმობს, ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ დამფუძნებელი, ლევან გოგიჩაიშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, ვინაიდან ქართული ოცნება მემარცხენე ძალაა, ბუნებრივია, რომ ამ ძალის მმართველობის პირობებში, სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში მეტ ფულს ხარჯავს.
„სოციალური პასუხისმგებლობის აღება საკმაოდ დიდი ფუფუნებაა სახელმწიფოსთვის, მაგრამ, რადგან ქვეყნის სათავეში მოსვლამდე პარტიის ერთ–ერთი დაპირება სწორედ ჯანდაცვის სფეროს ხელმისაწვდომობა გახლდათ, უნდა შეასრულონ დაპირება და, ამ მხრივ, ჯანდაცვის უწყება ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული სამინისტროა.
რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალურ პროგრამას, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მათში ძალიან დიდი თანხას ხარჯავს, გამართლებულია. სახელმწიფომ გარკვეული რისკების ფასად გადაწყვიტა, წინა პლანზე წამოწიოს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, რაც, პირადად ჩემთვის, მისასალმებელი ფაქტია“, – აღნიშნავს გოგიჩაიშვილი.
გოგიჩაიშვილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯიც აუცილებელია.
„პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ როდესაც არ არსებობდა საყოველთაო ჯანდაცვა, მივედი კერძო კლინიკაში და სანამ იმავე მომენტში არ გადავიხადე თანხა, ექიმებმა თითი არ დამაკარეს. კერძო კლინიკები უფრო მეტად უნდა იყვნენ ორიენტირებულნი საჯარო ინტერესზე. თუკი სახელმწიფო ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას მოახერხებს, ძალიან კარგი იქნება. გამოდის, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას და ის გუნდი, რომელიც ამ სისტემას ნერგავს.
არსებობდეს გარკვეული მომსახურება და არ არსებობდეს ამ მომსახურების დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირი, ცოტა უცნაურია. სჯობს ვიცოდეთ, კონკრეტულ შემთხვევაში პასუხი ვის მოვთხოვოთ. ადამიანების ჯანმრთელობა რომელიმე კერძო პოლიკლინიკის დირექტორის კეთილ ნებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. სიცოცხლის უფლება ყველა ჩვენგანისთვის გარანტირებული უნდა იყოს,“ – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.