ჯანდაცვის მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსებას ეხება. ზურაბ აზარაშვილმა, პირველად, ბოლო თვეების განმავლობაში, განაცხადა, რომ სამინისტრო აპირებს ონკოპაციენტების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტის მოხსნას.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ეს ლიმიტი 25 ათას ლარს შეადგენს, თუმცა პაციენტები და ექიმები აცხადებენ, რომ ეს არასწორი მიდგომაა, რადგან პაციენტთა ნაწილს 25 ათასი ლარი არ ესაჭიროება, ნაწილს კი, კიბოს გარკვეული სახეობების სირთულიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი დაფინანსება სჭირდებათ. ამიტომ ისინი აქციების, პეტიციებისა და სხვადასხვა ღონისძიების ფორმით წლებია ითხოვენ ამ მიდგომის შეცვლას. თუმცა დღემდე ჯანდაცვის სამინისტროს ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
პირველი კომენტარი ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნულზე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა, სადაც ეს საკითხი მედიკამენტების ფასებს დაუკავშირა.
„როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული ფასები სწორი და სამართლიანია, წლიურ ლიმიტს აუცილებლად მოვხსნით და ბენეფიციარები მიიღებენ სრულყოფილ სერვისს როგორც ამბულატორიულ ნაწილში, ისე – მედიკამენტების კუთხით“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტი 25 000 ლარია. უწყება მზად არის, ლიმიტი საერთოდ გააუქმოს, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს შეუძლებელია, რადგან, 1000-ლარიანი მედიკამენტი, რომელიც ბენეფიციარს, წლის განმავლობაში, 25 კოლოფი ესაჭიროება, მოულოდნელად, 3000 ლარი გახდა.
„ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტის მოხსნას იანვრიდანაც ვფიქრობდით, შემდეგ რეფერენტული ფასების ამოქმედებას ველოდებოდით და თავი შევიკავეთ, რადგან საბოტაჟის საფრთხეები არსებობდა. დავრწმუნდით, რომ ჯერ მზად არ არის ფარმაცევტული სექტორი ამისთვის, თორემ სამინისტრო და სახელმწიფო
მზადაა, სრულად დააკმაყოფილოს ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებები“, -განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. თუმცა ვადები, თუ როდიდან მოიხსნება ლიმიტი და როდიდან მიიღებენ სასიცოცხლო მედიკამენტებს რთული დიაგნოზის მქონე პაციებტები, რომლებისთვისაც მკურნალობის დაგვიანების თითოეული დღე რისკებს ზრდის, მინისტრა არ დაუკონკრეტებია.
ასევე ზურაბ აზარაშვილს არაფერი უთქვამს კერძო დაზღვევის მქონე პაციენტებზე, რომლებზეც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ვრცელდება: თუკი “საყოველთაოს” მონაწილე პაციენტებისთვის მედიკამენტების დაფინანსებაზე ზღვარი არ იარსებებს, რა ბედი ეწევათ იმ ონკოპაციენტებს, რომლებსაც მხოლოდ კერძო დაზღვევა აქვს – კერძო პაკეტში კი ონკოლოგიური ლიმიტები ძალიან დაბალია. ეს საკითხიც ჯერჯერობით გაურკვეველია.