მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს, რა მიზეზით დატოვა პაციენტმა საყოველთაო ჯანდაცვა“

„სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს, რა მიზეზით დატოვა პაციენტმა საყოველთაო ჯანდაცვა“

კლინიკების წარმომადგენლებმა პაციენტებს „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამით დაფინანსებული სახარჯი მასალის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტოს მოქალაქემ, დარჩება ის საყოველთაოში თუ ერთჯერადად დატოვებს მას და მთელ ოპერაციას თავად დააფინანსებს. ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაია მახარაშვილმა jandacva.ge-ს განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ „დიარჯის“ ამოქმედების შემდეგ ერთერთი პრობლემური საკითხი სწორედ სახარჯი მასალაა. საქმე ისაა, რომ, ახალი წესის თანახმად, პაციენტს არ აქვს უფლება, საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული სერვისებს, საკუთარი სურვილით, დამატებითი თანხის გადახდით გარკვეული მომსახურებები დაამატოს. აქ იგულისხმება სახარჯი მასალაც – თუ პაციენტს სურს, მისი ოპერაციისას კონკრეტული ბრენდის და ხარისხის სახარჯი მასალა (იმპლანტი, სტენტი და  ა.შ.) მასალა იქნას გამოყენებული, მან ერთჯერადად უნდა დატოვოს სახელმწიფო პროგრამა და ოპერაციასთან დაკავშირებული მთელი ხარჯი თავად დააფინანსოს.

„როდესაც პაციენტს, მაგალითად, ენდოპროტეზირება სჭირდება, შეუძლია ისარგებლოს საყოველთაო ჯანდაცვით დაფინანსებული უჟანგავი მეტალის ფირფიტით. ესაა მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული მასალა, უბრალოდ, დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ, 15-წუთიანი მარტივი ოპერაციის გზით პაციენტს ის უნდა ამოუღონ. ამავდროულად, პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ ასევე შეუძლია პლატინის ჩაყენება, რომელსაც ამოღება არ სჭირდება. თუმცა ექიმმა არ უნდა უთხრას, რომ საყოველთაო ჯანდაცვით დაფინანსებული მასალა „უვარგისია,“ მან არ უნდა დააშინოს პაციენტი – უნდა აუხსნას, რომ უბრალოდ მისი ამოღება დასჭირდება და რომ ესაა სერტიფიცირებული მასალა. ჩემს კლინიკაში, „ხეჩინაშვილში“ უკვე გვქონდა ექიმებთან ამ საკითხზე საუბარი. მთავარია, იყოს სწორი კომუნიკაცია და არ აიძულო პაციენტი ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღოს“ – განაცხადა მახარაშვილმა.

კითხვაზე, როგორ აკონტროლებს ჯანდაცვის სამინისტრო იმას, თუ რის საფუძველზე იღებს პაციენტი საყოველთაო ჯანდაცვის ერთჯერადად დატოვების გადაწყვეტილებას, მახარაშვილმა განმარტა, რომ როდესაც სამინისტროში შესაბამისი განცხადება შედის, უწყების წარმომადგენლები ურეკავენ პაციენტს და ეკითხებიან, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება – ხომ არ იყო იძულება, არასწორი კომუნიკაცია, თუ ის მისი გაცნობიერებული და ინფორმირებული არჩევანია.

მაია მახარაშვილი ამბობს, რომ ამ კუთხით კონტროლი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …