ექიმმა პაციენტს არ უნდა უთხრას, რომ კონკრეტულ ქვეყანაში დამზადებული სახარჯი მასალა არის უხარისხო და ცუდი, თუკი ამ მასალას შესაბამისი ლიცენზია და პასპორტი აქვს. ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა განაცხადა. jandacva.ge დაინტერესდა, როგორია კლინიკური სექტორის პოზიცია იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები სახარჯი მასალების საკითხზე აკეთებენ.
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ექიმებისა და კლინიკების ნაწილი უკმაყოფილოა „დიარჯი“ სისტემის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ სახარჯი მასალების მიმართულებით დაწესებული ტარიფებით. უკმაყოფილო მხარე ამტკიცებს, რომ შეთავაზებული საფასური ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი მასალის შეძენას და, შესაბამისად, პაციენტის სათანადო მკურნალობას.
ჯანდაცვის სამინისტრო კი საპასუხოდ აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსებული სახარჯი მასალა ხარისხიანია, ხოლო ექიმებისა და კლინიკების პრეტენზიები ხშირ შემთხვევაში კომერციულ მიზნებს უკავშირდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნა:
“არსებობს კარგი სახარჯი მასალა, პრემიუმ სახარჯი მასალა და პრემიუმზე კიდევ უკეთესი ხარისხის. ზოგიერთ ექიმს და კლინიკას პაციენტები უბრალოდ შეცდომაში შეჰყავს და ეუბნებიან, რომ სახარჯი მასალა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, არის უხარისხო. ეს ცალსახად არის დარღვევა.
ვფიქრობ, იმ ექიმებს და იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურობენ, სავარაუდოდ შეიძლება ჰქონდეთ პირადი ინტერესი, რომ კონკრეტული სახარჯი მასალები გამოიყენონ. თუ კლინიკაში პაციენტს ეუბნებიან, რომ საყოველთაო ჯანდაცვით დაფინანსებული სერვისი არის უხარისხო და მოუწოდებენ, რომ ერთჯერადად დატოვონ საყოველთაო ჯანდაცვა, პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენ აუცილებლად გვექნება უმკაცრესი რეაგირება.“
მაია მახარაშვილის პოზიცია ემთხვევა ილია ღუდუშაურის შეფასებას იმ ნაწილში, რომ სახარჯი მასალის ხარისხს გამოშვების ადგილი არ განსაზღვრავს, რადგან უამრავი ევროპული კომპანია საკუთარ პროდუქციას ჩინეთში ან ინდოეთში აწარმოებს, თუმცა -საკუთარი სტანდარტების დაცვით. მახარაშვილი ამბობს იმასაც, რომ დაუშვებელია, შესაბამისი ლიცენზიის მქონე მასალაზე – მაგალითად სტენტზე – ექიმმა პაციენტს უთხრას, რომ ეს მასალა არ ვარგა და მისი გამოყენება არ შეიძლება. მსგავსი შემთხვევები, მისი თქმით, ექიმების ნაწილის მხრიდან არასათანადო კომუნიკაციას უკავშირდება. მაია მახარაშვილი, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორია, საზოგადოების დამოკიდებულების პრობლემაზეც საუბრობს.
„ჩემს კლინიკაში 600 ექიმია და შესაძლოა იყვნენ ისეთები, რომლებიც პაციენტს რაიმეს არასწორად ეუბნებიან. თანაც, იყო მასალები, რომლებსაც ექიმები წლების განმავლობაში გამოიყენებდნენ და ამიტომაც ენდობიან მას. ახალი მასალის შემთხვევაში კი ეშინოდათ, რომ არ ივარგებდა. ეს ყველა ექიმმაც არ იცის და არ იციან პაციენტებმაც და როცა პაციენტს ეუბნებიან, რომ კონკრეტული მასალა შვეიცარიულია, ეს მასზე მოქმედებს. ამიტომ პაციენტების ინფორმირებულობაც მნიშვნელოვანია. ჩინეთსა თუ ინდოეთში წარმოებულ მასალასაც აქვს პასპორტი და ის ისევე ეფექტიანი და ხარისხიანია, როგორიც ავსტრიაში ან შვეიცარიაში წარმოებული, რადგან იგივე კომპანიის, იგივე ბრენდის პროდუქციაა. ამის კარგი მაგალითია „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომელიც ინდოეთშიც იწარმოება და ჩინეთშიც, თუმცა ყველა პარტია იდენტური ხარისხის და სტანდარტისაა. სტენტების შემთხვევაში ადრე იყო უწამლო სტენტები, მაგრამ ახლა ისინი აღარ გამოიყენება და მხოლოდ წამლიანი სტენტები იწარმოება, ასე რომ ამ კუთხითაც არაა განსხვავება,“ – აცხადებს მახარაშვილი და ამავდროულად ამბობს, რომ ტრავმატოლოგიაში, პროტეზირებისთვის არსებობს კონკრეტული ბრენდის მასალები, რომლებსაც ექიმები მეტ რეკომენდაციას უწევენ მასში გამოყენებული მასალების გამო, მაგალითად იმიტომ, რომ ისინი არაალერგიულია. გარდა ამისა, ისინი მეტად რეკომენდებულია ახალგაზრდებისთვის, რადგან უფრო დიდხანს ემსახურება პაციენტს, რაც ხანდაზმული ადამიანის შემთხვევაში არაააქტუალურია.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამუშავებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ ბრძანებაში ცვლილებას, სადაც ჩაიწერება ის მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც სახარჯი მასალები უნდა აკმაყოფილებდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ამ საკითხში არსებული გაუგებრობები.
jandacva.ege