ჯანდაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, ექიმის მხრიდან ვაქცინის გაკეთებაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება ექიმისგან წერილობითი ფორმით მოითხოვონ და აღნიშნული დოკუმენტი, მათივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გადაგზავნონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე regagency@moh.gov.ge. განცხადების შემოტანა ასევე შესაძლებელია ადგილზე, სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში.
განცხადების დაფიქსირების შემდეგ, რეგულირების სააგენტო შეისწავლის თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება და იყო თუ არა პაციენტის მდგომარეობა აცრის უკუჩვენება.
“ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი და ყოველდღიურად მზარდია ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა. ამავე დროს, პერიოდულად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვაქცინაზე მისულ პირს ექიმი გარკვეული მიზეზების გამო უარს ეუბნება აცრაზე და ზოგიერთ საეჭვო შემთხვევებში აღნიშნული უარი არ შეესაბამება არსებულ პროტოკოლს. შეგახსენებთ, არსებული პანდემიის პირობებიდან და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე ვაქცინაცია უალტერნატივოა და ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავადმ,” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.