რუხის კლინიკის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების გაძლიერების მიზნით რუხის საავადმყოფოს ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა გადაეცა. პროექტი ჩეხურმა მხარემ დააფინანსა.
კლინიკას დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და ჩეხეთის პარლამენტის სენატის დელეგაციის წევრები ესტუმრნენ. სენატორებმა, ელჩმა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ის სამედიცინო აღჭურვილობა დაათვალიერეს, რომელიც კლინიკას ჩეხეთის მთავრობის სახელით გადაეცა.
რუხის საავადმყოფოს სამედიცინო შესაძლებლობების გაუმჯობესების საქმეში ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას დიდი წვლილი მიუძღვის.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში ასევე მოქმედებს სხვადასხვა პროექტი, რომელიც ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან მის მართვაში არსებული კლინიკების თანამშრომლების გადამზადებას ითვალისწინებს. რუხის კლინიკასა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჩეხეთის მთავრობა ონკოგინეკოლოგიური სერვისების გამართვაშიც ეხმარება.
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩეხეთის პარლამენტის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები და ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა იმყოფებოდნენ. სტუმრებს კლინიკაში ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი გვანცა გასვიანი, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პაპავა და რუხის საავადმყოფოს მმართველი დავით შონია შეხვდნენ.