მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » როგორ სრულდება მინიმალური ხელფასის გადახდის ვალდებულება – სახელმწიფო კლინიკების ორმაგ კონტროლს იწყებს

როგორ სრულდება მინიმალური ხელფასის გადახდის ვალდებულება – სახელმწიფო კლინიკების ორმაგ კონტროლს იწყებს

კლინიკა ვალდებულია, დასაქმებულს თვის ბოლოს აცნობოს, თუ რამდენი ნამუშევარი საათი დაუგროვდა და რამდენს შეადგენს მისი ანაზღაურება. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მინიმალური ხელფასის ვალდებულების შესრულებაზე კლინიკები შემოწმდებიან როგორც ელექტრონულად ყოველთვიურად, ისე წელიწადში ორჯერ.

ბექა ფერაძე ამბობს, რომ მინიმალური ხელფასების წესის დამტკიცებისთანავე კლინიკებში დარღვევების ფაქტები გამოვლინდა, რომლებიც შრომის ინსპექციის ჩარევის შედეგად უკვე აღმოიფხვრა. კერძოდ შემოწმდა 100-მდე კლინიკა, სადაც ხარვეზები მეტ-ნაკლებად გამოსწორებულია. თუმცა მომავალში რომ დარღვევები ისევ არ მოხდეს ან დარჩენილი ხარვეზები გამოსწორდეს, ამას ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს, რომლის შექმნაც დასკვნით ფაზაშია.

„სამედიცინო დაწესებულებას მოუწევს ელექტრონულად დაარეგისტრიროს ექიმი და ექთანი და ჩვენ ყოველთვიურად, სისტემაში ტაბელების ანუ სამუშაო დროის აღრიცხვის ინტეგრირების საშუალებით შევხედავთ, რამდენი საათი იმუშავა პერსონალმა და რამდენი იყო ანაზღაურება, რომელიც, ცხადია, შედარდება შემოსავლების სამსახურის შესაბამის საგადახდო დოკუმენტებთან და ეს მოგვცემს უტყუარ სურათს, რომ რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს,“ – განაცხადა ბექა ფერაძემ. მისივე თქმით, ელექტრონული სისტემის ამოქმედება არ ნიშნავს, რომ შრომის ინსპექცია არ შეამოწმებს კლინიკებს – ყველა სამედიცინო დაწესებულება წელიწადში ორჯერ შემოწმდება.

ფერაძის ინფორმაციით, მისი უწყება პირველ ეტაპზე ამოწმებს, სახელშეკრულებო ნაწილში რამდენად სწორადაა განსაზღვრული მინიმალური ხელფასი, რამდენადაც კლინიკებს აქვთ ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულებები მინიმალური ხელფასის მიხედვით შეცვალონ. მთლიანი სურათი კი რეფორმის მიმდინარეობის შესახებ მარტის ბოლოსთვის იქნება. თუმცა, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუ მანამდე კლინიკები საუბრობდნენ, რომ დაწესებულ მინიმალურ ანაზღაურებაზე მეტს უხდიდნენ მედპერსონალს, უკვე დადასტურდა, რომ რეალურად ასეთი კლინიკების რაოდენობა ერთეულებია და უმეტეს მათგანში ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება დღეს მოქმედ მინიმალურ საათობრივ ტარიფზე ნაკლები იყო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …